ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ირანიდან ჩარტერული ავიარეისები 63%-ით დაეცა, ვიზიტორთა ნაკადი კი – 45%-ით შემცირდა
04 აპრილი, 2019

ნოვრუზის სადღესასწაულო პერიოდში (მარტის ბოლო – აპრილის დასაწყისი), ირანიდან საქართველოს მიმართულებით, დამატებით 80 ჩარტერული რეისი დაინიშნა, რაც გასულ წელთან შედარებით, 138 ავიარეისით ნაკლებია. 

bm.ge-ის მიერ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში 218 დამატებითი რეისი დაინიშნა, ხოლო 2017 წელს – 129 ავია რეისი. 

სააგენტოს ინფორმაციით, რეისების უმეტესობა ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის ხორციელდება. სხვა დანიშნულების პუნქტებია: შირაზი და ისპაჰანი. 

რაც შეეხება 80 ჩარტერულ რეისს, რომელიც წელსნოვრუზის სადღესასწაულო პერიოდში წელს დაინიშნა, ავიაკომპანიების მიხედვით, რეისები შემდეგნაირად ნაწილდება. 

ავიაკომპანია „Taban Airlines“ – 34 ჩარტერული რეისი; 
ავიაკომპანია „Qeshm Airlines“ – 21 ჩარტერული რეისი; 
ავიაკომპანია „Zagros Airlines“ – 21 ჩარტერული რეისი; 
ავიაკომპანია „Iran Aseman Airlines“ – 4 ჩარტერული რეისი. 

ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დამუშავებულ სტატისტიკაზე დაყრდნობით, მარტში საქართველოში ჩამოსული ვიზიტორების და ტურისტების სტატისტიკა ჯერ არ გამოუქვეყნებია, მაგრამ ბოლო რამდენიმე თვეა ირანიდან ვიზიტორების რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა. 

კერძოდ, 2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში ირანიდან სულ 15,973 ვიზიტი შედგა, რაც 2018 წელთან შედარებით 44.8%-ით ნაკლებია. 

ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები აღნიშნულს ირანის მოქალაქეების საქართველოს საზღვრიდან გაბრუნებების სიხშირით ხსნიან. 

2018 წელს საქართველოში 2300-ზე მეტი ირანელი არ შემოუშვეს. 

„ირანიდან წამოსული ტურისტული ნაკადი ვიზიტორების ნაწილში არ შემცირებულა, 45% – არატურისტული მიზნებით შემოსული მოქალაქეების რიცხვია”, – ეს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის კომენტარია.

ქვრივიშვილი მიიჩნევს, რომ თავის მხრივ, ეს ქვეყნისთვის გამოწვევაა და პოზიტიურად არ აისახება, თუმცა ქვეყანა მზად არის ტურისტული ვიზიტით ჩამოსულ მოქალაქეებს უმასპინძლოს. 

მისივე თქმით, ირანის ბაზარი ისეთივე სტრატეგიულ ბაზრად რჩება, როგორიც ამ დრომდე იყო. 

“ირანის მოქალაქეებს საქართველოში ტურისტული მიზნით შემოსვლისას პრობლემები არ ექმნებათ. ჩვენ არაერთი კერძო შეხვედრა გვქონდა და კერძო სექტორის პოზიციების მოსმენის შემდეგ ერთობლივად ვთანხმდებით, რომ ირანი კვლავ სტრატეგიულ ბაზრად რჩება”, – აცხადებს ქვრივიშვილი. 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ საემიგრაციო პოლიტიკა არ შეცვლილა, თუმცა მხოლოდ იმ მოგზაურების მიმართ შეიცვალა, რომლებიც საქართველოში არატურისტული მიზნით მოგზაურობდნენ. 

“იმისათვის, რომ ჩვენ ყველაფრისთვის ნათელი მოგვეფინა, შსს-სთან ერთად ის განცხადება შევიმუშავეთ, რომელიც ყველა ირანის მოქალაქეს რეკომენდაციას უწევს, თუ რა სახის დოკუმენტაციები უნდა ჰქონდეთ მათ თან საქართველოში მოგზაურობისას. ეს ჩვეულებრივი, მარტივი სამოგზაურო დოკუმენტებია, რომელსაც ყველა ქვეყანა ითხოვს“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.