ილია წულაია: ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია თბილისის მიმზიდველობას კიდევ უფრო გაზრდის
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ილია წულაია მიიჩნევს, რომ ორბელიანის მოედნის მასშტაბური პროექტი დედაქალაქის ტურისტულ მიმზიდველობას კიდევ მეტად გაზრდის.
„პროექტში 52 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. მოეწყობა მთლიანი ტერიტორია. მოეწყობა ასევე 150 მიწისქვეშა ავტოსადგომი და ეს იქნება ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი, სადაც იქნება ასევე არაერთი ტურისტული მარშრუტი და კიდევ უფრო გაზრდის ტურისტებისთვის ჩვენი დედაქალაქის მიმზიდველობას. დარწმუნებული ვარ, ეს არ არის ბოლო პროექტი და არაერთი ასეთი მასშტაბური პროექტი განხორციელდება. მე დარწმუნებული ვარ, ის მოლოდინები და ის მანდატი, რაც აქვს ჩვენს მერს მინიჭებული, ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობის მიერ, აუცილებლად გამართლდება და მის საქმიანობას ძალიან წარმატებულად განახორციელებს,“-განაცხადა ილია წულაიამ.
ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციის დაწყება რამ,დენიმე დღის წინ თბილისის მერმა და პრემიერმინისტრმა დაანონსეს.
„ამ ადგილას განსაკუთრებულად იგრძნობოდა ის ჰარმონია, რომელიც თბილისს გამოარჩევს ყველა სხვა ქალაქისგან, აქ სიძველე და პროგრესი ერთმანეთს ერწყმის. “ახალი ტფილისი“ არის სწორედ ამ სიძველის და სიახლის გამაერთიანებელი, შემაერთებელი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც დავით ნარმანიამ დაიწყო. განხორციელდა ძველი აღმაშენებლის რეაბილიტაცია და ის დღეს ყველასთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია.“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა და აღნიშნა, რომ ახალი მერი კახა კალაძე იწყებს თბილისის განვითარების სრულიად ახალ ეტაპს.
პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ეს იქნება გამორჩეული და უსაყვარლესი პირველ რიგში ქვეყნის მოქალაქეთათვის და მიმზიდველი გახდება ტურისტებისათვის.
ორბელიანის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც რამდენიმე ეტაპს მოიცავს, 2018 წელს დასრულდება.
ავტორი: მაია დემეტრაშვილი
www.travelingeorgia.ge