გზა VS ეკოლოგია - რა საფრთხე შეიძლება შეექმნას ფშავ-ხევსურეთსა და თუშეთის დაცულ ტერიტორიებს
ხევსურეთსა და თუშეთში საავტომობილო გზების ნაწილის რეაბილიტაციისა და რამდენიმე საფეხმავლო ბილიკზე საავტომობილო გზების გაყვანაზე მთავრობის გადაწყვეტილებას სპეციალისტები უარყოფითად აფასებენ, კერძოდ საუბარია ეკოლოგიურ საფრთხეებზე. რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა პეტიცია, რომელსაც არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია თუ სამოქალაქო აქტივისტი აწერს ხელს და სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა-ბაწარა და ახმეტის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობას აპროტესტებს.
თუშეთის ალტერნატიული გზის მშენებლბას თუშეთის თემის მოსახლეობა ეწინააღმდეგება. ისინი მოსალოდნელ საფრთხეებზე და დაცული ტერიტორიის შესაძლო განადგურებაზე სუბრობენ. მათ 19 თებერვალს აქციაც გამართეს.
ამ საკითხს ასევე გამოეხმაურა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია (CENN). ორგანიზაცია კავკასიონზე დაგეგმილი საავტომობილო გზების მშენებლობასთან დაკავშირებული გეოეკოლოგიური და სოციალურ-კონომიკური პრობლემებს განიხილავს და გამოთქვამს ეჭვებს და არ გამორიცხავს, რომ გზების მასშტაბურმა მშენებლობამ ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა გამოიწვევს უნიკალური ბუნების ძლიერი ანთროპოგენური სახეცვლილება და იქ არსებული ბუნებრივი ეკოსისტემების საარსებო არეალის შეზღუდვა.
ორგანიზაცია მიმოიხილავს გზების გაყვბანის შემთხვევაში კონკრეტულ საფრთხეებს და
„ცხადია, კარგია, როცა მთავრობა ზრუნავს თავისი მოსახლეობის კეთილდღეობასა და ტურიზმის განვითარებაზე, მაგრამ იბადება კითხვა, რამდენად მიზანშეწონილია ლამაზ და ხელოვნურად ნაკლებად სახეცვლილ ბუნებრივ გარემოზე (რითაც ეს კუთხეები მრავალ ტურისტს იზიდავს) ადამიანის ასეთი აქტიური ჩარევა. ხომ არ გამოიწვევს გზების ასეთი მასშტაბური მშენებლობა უნიკალური ბუნების ძლიერ ანთროპოგენურ სახეცვლილებასა და იქ არსებული ბუნებრივი ეკოსისტემების საარსებო არეალის შეზღუდვას.
შევნიშნავთ, რომ საპროექტო გზის ცალკეული მონაკვეთები, განსაკუთრებით ანდაქისა და თუშეთის ალაზნის წყალგამყოფ სამთო კვანძზე – ბორბალო აწუნთის გაყოლებით, ამუგოსა და თებულოს მთების მიდამოები ერთ-ერთი (ძალზედ იშვიათი) სამთო რეგიონია, სადაც დღემდე ბინადრობენ წითელ წიგნში შეტანილი კავკასიური ჯიხვი და ნიამორი.
საეჭვოა, რომ სახელმწიფომ შეძლოს აღნიშნულ მთიან რაიონებში თანამედროვე სტანდარტის გზების გაყვანა, რაც არ გამოიწვევს ახალი ეროზიული კერების გაჩენას, მეწყერების წარმოქმნასა და ფერდობების ჩამოშლას. გავიხსენოთ, რომ ზღ.დ. 2,676 გამავალი დათვიჯვრის უღელტეხილი თითქმის 7 თვის განმავლობაში დაკეტილია. ამიტომ, სათუოდ გვეჩვენება, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს ვიწრო ხეობებში და ზოგიერთ მონაკვეთზე 3,000 მეტრზე მაღლა (ჯუთა-როშკა, ბორბალოს მიმდებარე ანდაქისა და საყორნის უღელტეხილები) გამავალი გზის მეტი ხნით ფუნქციონირება. გზის იმ მონაკვეთებს, რომლებიც მაღალი დახრილობის ფერდობებზე გაივლის, ზაფხულის პერიოდშიც კი ამ ფერდობებიდან წამოსული კლდის ნაშალისაგან ყოველკვირეული ან ყოველთვიური წმენდა დაჭირდება“, - მიიჩნევენ ორგანიზაციაში.
CENN-ს თავს არგუმენტებში კონკრეტული მიზეზები მოჰყავს, მათ შორის ასახელებს იმასა რომ მთავრობა გზების გაყვანისას სტანდარტების დაცვას ვერ ახერხებს და მოჰყავს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ბოლო წლებში გაყვანილი და რეაბილიტირებული გზების მაგალითები:
1) ჟინვალი-თიანეთის გზის სარეაბილიტაციო ღონისძიებების განხორციელება, სადაც ტყეზე გამავალ გზის მონაკვეთზე ფერდობის ჩამოჭრა-გაფართოვება მოხდა. ჩამოჭრილი ინერტული მასალა (კლდის ნანგრევი, ქვა-ღორღი), ძირითადად გზის ქვედა მხარეს იყრებოდა. აქ არსებულ ფერდობებზე დაგორებულმა ლოდებმა კი გზის გასწვრივ არსებული ტყის ძლიერი დაზიანება გამოიწვია. აღსანიშნავია აგრეთვე, გარეულ ცხოველთა მიგრაციის შეფერხება ტყეში შვეულად ჩამოჭრილი ფერდობების გამო.
2) გუდამაყარ-ბურსაჭირში მაღალი ძაბვის ანძების ასაშენებლად გაყვანილი ქვენამთის გზის მშენებლობა. სახელმწიფო უწყებებს შორის ნორმალური კოორდინაცია რომ ყოფილიყო, ეს გზა ტურისტულად უაღრესად აქტიურ მონაკვეთად შეიძლება ქცეულიყო. მაგრამ გზის მშენებლობის წესების უგულებელყოფამ ისედაც დაშლილი ბურსაჭირის ფერდობი უფრო მეტად დაშალა და ახალი ეროზიული კერები გააჩინა.
„წარსულის გამოცდილება მოწმობს, რომ მთავრობა და გზის მშენებელი კომპანიები არ ითვალისწინებენ მშენებარე გზის გასწვრივ ეროზიულ-გრავიტაციული პროცესების მოსალოდნელ გააქტიურებას და არ ასრულებენ ამ ნეგატიური პროცესების თავიდან არიდების ან მნიშვნელოვნად შერბილების ღონისძიებებს. ასეთი სტანდარტით აღნიშნულ ტერიტორიებზე გაყვანილი გზები აუცილებლად გამოიწვევს ახალი ეროზიული კერების გაჩენას და ფერდობების ჩამოშლას, რაც საბოლოოდ მკვეთრად შეცვლის ლანდშაფტს და მნიშვნელოვნად დაამახინჯებს მას.
უნდა ითქვას, რომ აღნიშნული გზა ვერ გააუმჯობესებს ამ კუთხეებში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს და შეიძლება ამ გზაზე მომხდარმა უბედურმა შემთხვევებმა ამ კუთხეების ტურისტული ანტირეკლამაც კი გამოიწვიოს.
აღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე, საჭიროა, რომ მთავრობამ უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს ზემოთ აღნიშნულ საჭირბოროტო საკითხებს.
ამ საკითხების მოგვარება ობიექტურ მიდგომასა და საფუძვლიან კვლევას საჭიროებს. მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს განვითარებული ქვეყნების გამოცდილება და ამავე საკითხზე ადგილობრივი მოსახლეობის, ტურისტებისა და ვიზიტორების მოსაზრებები.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მთავრობამ უნდა გამოიტანოს დასკვნა: ხომ არ ჯობია ახალი გზების გაყვანას უკვე არსებული გზების რეაბილიტაცია, სნო-ჯუთა; ბარისახო-შატილი-მუცო-არდოტი; ფშაველი-ომალო; უკანა ფშავში – შუაფხო-ვაკის სოფელი; ასევე თუშეთის შიდა გზები, როგორც ომალოდან პირიქითა ალაზნის ხეობაში სოფ. გირევის მიმართულებით, ისე გომეწრის ხეობაში და წოვათის მიმართულებით. ეს გზები, თითქმის ყოველ წელს გამოდის მწყობრიდან და შეკეთებას საჭიროებს. უნდა მოხდეს ბორბალოს მიმართულებით არსებული ბილიკების მარკირება (რომლებიც ასევე პერიოდულად შეკეთებას საჭიროებენ). სასურველი იქნება ასევე, თუ მთავრობა სამაშველო ვერტმფრენს შეიძენს ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების საჭიროებისამებრ დასახმარებლად. ასეთი ღონისძიების განხორციელება კიდევ უფრო დატვირთავს ტურისტებითა და ვიზიტორებით ახლად შექმნილ ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკსა და მასთან ერთად პანკისი მიმართულებით გამავალ გზა-ბილიკებს.
უნდა აღინიშნოს, რომ ბორბალოს მთიდან იღებენ სათავეს ყველა მიმართულებით ჩამომდინარე მდინარეები (ფშავის არაგვი, კახეთის ალაზანი, თუშეთის ალაზანი, ანდაქი და ცოტა ქვემოთ – იორი). ამ მდინარეთა ხეობებიდან ბორბალოს მთაზე ბილიკები ადიოდა და ამიტომ ის იყო აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი მხარეების ერთგვარი გზაჯვარედინი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა ამ ბილიკების გაცოცხლება-განახლება და ბორბალოს მთასთან მიმდებარე უღელტეხილებზე (საყორნე, ანდაქი) ტურისტული თავშესაფრების მოწყობა. თუ ეს ღონისძიებები განხორციელდება, აღნიშნული ბილიკები კვლავ დაიტვირთება.
თუ ყოველივე ზემოთ აღნიშნულს ობიექტურად გავიაზრებთ, გავითვალისწინებთ და ავწონ-დავწონით, გარემოს ნაკლებად დავაზიანებთ. შესაბამისად, ტურისტებისა და ვიზიტორებისათვის აღმოსავლეთ საქართველოს ზემოთ ხსენებული მთიანი რაიონები მიმზიდველი იქნება, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა – კმაყოფილი”, – ნათქვამია განცხადებაში.
მაია დემეტრაშვილი
ფოტო: ბადრი ვადაჭკორია
www.travelingeorgia.ge