ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ღვინო, კულინარია და ტურიზმი
08 სექტემბერი, 2017

საქართველოს ღვინოების, კერძებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების მრავალფეროვნების გამო, ღვინისა და კულინარიული ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა ღვინის სამშობლოდ მიიჩნევა, ღვინის ტურიზმის მიმართულებით საჭირო ცოდნა ხელმისაწვდომი ჯერ კიდევ არ არის. სწორედ ღვინის ტურიზმის სფეროში ინფორმაციის ძიების პროცესში გაუჩნდა ნატალია ბარნაბიშვილს იდეა შეექმნა აკადემია, სადაც პრაქტიკულ მაგალითებზე და გამოცდილებაზე დაყრდნობით შექმნილი ტრენინგ კურსების გავლა ყველა დაინტერესებულ ადამიანს შეეძლებოდა. 

აკადემია პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი პროექტია ღვინისა და კულინარიული ტურიზმის განათლების სფეროში. 

ყველა მენტორი პრაქტიკოსი ბიზნესმენია, მათ შორის ისეთი ცნობილი კომპანიების დამფუძნებლები, როგორიცაა შუხმან ვაინი, ბადაგონი, ყველის სახლი, კულინარიუმი, შატო მერე, სარაჯიშვილი და სხვა. 

იდეიდან მის განხორციელებამდე 5 წელი გავიდა. ნატალიას ტურიზმის სექტორში თითქმის ყველა მიმართულებით, საქმიანობის 10 წლიანი გამოცდილება აქვს. აკადემიის გახსნამდე მან თავად დაიწყო ღვინისა და კულინარიის შესწავლა. პირველი ნაკადი გასულ წელს მიიღეს. 

"აკადემიაში ჩვენი სწავლების მიმართულება არის პრაქტიკის გაზიარებაზე დაფუძნებული სწავლება. ყველა ჩვენი მენტორი ფლობს ან ხელმძღვანელობს ღვინის ქარხნებს, სასტუმროებს, ღვინის მარნებს, რესტორნებს ან ტურისტულ ბიზნესს. მათი რეალური ქეისების მეშვეობით მსმენელი იღებს ინფორმაციას თუ როგორ განავითაროს თავისი ღვინის, კულინარიული ან ტურისტული ობიექტი", - ამბობს აკადემიის დამფუძნებელი. 

მათი მსმენელები ღვინის მაღაზიების, ღვინის მარნების, კულინარიული ობიექტების და ღვინის მწარმოებლები ან უბრალოდ ადამიანები არიან, რომლებსაც აინტერესებთ ღვინის და კულინარიულ ტურიზმში ბიზნესის წამოწყება ან ამ მიმართულებით საკუთარი თავის განვითარება. 

ღვინისა და კულინარიული ტურიზმის აკადემია წელს "თიბისი ბანკისა’’ და "ჯეოსელის’’ ერთობლივ პროექტში "ბიზნესდაჯილდოება 2017’’-ში მონაწილეობს. როგორც აკადემიის დამფუძნებელი ამბობს, ამ პროექტში მონაწილეობა მათთვის დიდი მოტივაციაა. გარდა ამისა, აცხადებს, რომ პროექტი საშუალებას მისცემთ ღვინისა და კულინარიის ტურიზმის აკადემიის შესახებ გაცილებით მეტმა ადამიანმა გაიგოს.

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.