ღვინო, ჭაჭა, ჩურჩხელა, თხილი... ქართული პროდუქცია გერმანიაში „მწვანე კვირეულზე“ წარადგინეს
ქართული პროდუქცია სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის საერთაშორისო გამოფენაზე „მწვანე კვირეული 2018″ (Gruene Woche 2018) წარადგინეს.
წელს საქართველოს სტენდზე 20-მდე კომპანიის პროდუქცია — ღვინო, ჭაჭა, ლიმონათი, წვენი, ჩაი, თაფლი, ჩურჩხელა, ტყლაპი, ტყემალი, ჯემი, თხილი, მშრალი ხილი, სუნელი და საწებელია წარდგენილი.
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზრებზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, წლევანდელ გამოფენაზე საქართველო მრავალფეროვანი პროდუქციით არის წარმოდგენილი.
ბერლინის საერთაშორისო გამოფენა სოფლის მეურნეობის მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟულია. გამოფენა უკვე 83 წელია ყოველწლიურად იმართება.
წელს, ,,მწვანე კვირეული 2018-ში“ (Gruene Woche 2017) სხვადასხვა ქვეყნის 1600-ზე მეტი კომპანია მონაწილეობს, რომლებიც 100 000-ზე მეტ სხვადასხვა დასახელების სასურსათო პროდუქციას წარუდგენს მომხმარებელს. გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად 400 000 -ზე მეტს აღწევს. მიმდინარე წელს, გამოფენა ,,მწვანე კვირეულის“ პარტნიორ ქვეყანას, გერმანიასთან ერთად, ბულგარეთი წარმოადგენს.
www.travelingeorgia.ge