გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია დაიწყო. მოედნის და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაცია 2019 წლის ბოლომდე დასრულდება.
რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სრულ აღდგენას ექვემდებარება 30-მდე შენობა, მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის 20-მდე ძეგლი. რეაბილიტაციის შემდეგ მთელ არეალზე მოეწყობა განათებები, დამონტაჟდება ქუჩის ინფრასტრუქტურა და ადაპტირდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
სარეაბილიტაციო პროექტი თბილისის მერიის ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 50 მილიონ ლარს შეადგენს.
თბილისის მერიაში ამბობენ, რომ პროექტის განხორციელების შედეგად, ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ 100-ზე მეტ ოჯახს საგრძნობლად გაუუმჯობესდება საცხოვრებელი პირობები, რესტავრირდება 100 წელზე მეტი ხნის ისტორიული ძეგლები, გაიზრდება უძრავი ქონების ღირებულება და უბნის საინვესტიციო პოტენციალი, დედაქალაქს კი შეემატება ახალი, ტურისტულად აქტიური ქუჩები, რაც ეკონომიკის სტიმულირებისთვის მნიშვნელოვანია.
ქვეყნის პრემიერი „ახალი ტფილისის“ პროექტის ფარგლებში, გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია-აღდგენას პატრიოტულ საქმეს უწოდებს, რადგან თითოეულ ულამაზეს შენობას ისტორიული სახე უნდა შეუნარჩუნდეს.
„ეს ის ადგილია, სადაც განსაკუთრებულად იგრძნობა თბილისის სუნთქვა, ის სულისკვეთება, რომელმაც ჩვენი დედაქალაქი შემოინახა ისეთად, როგორიც არის დღეს და მსოფლიოში ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქად აქცია. წლების განმავლობაში, ინფრასტრუქტურის გაუმართაობამ, ასევე, უყურადღებობამ ულამაზესი შენობების მდგომარეობა სავალალო შედეგამდე მიიყვანა. ამიტომ, ამ მოედნის აღდგენა-რეაბილიტაციის დაწყება ნამდვილად მამულიშვილური საქმეა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერი დამატებით დადებით ფაქტორად ასახელებს იმას, რომ პროექტი აქ მცხოვრები მოქალაქეების ყოფის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.
გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის წარდგენისას კახა კალაძემ განაცხადა, რომ თბილისი ყოველთვის იყო და არის მრავალფეროვანი ქალაქი. ის სიმდიდრე, რომელიც ამ ქალაქს გააჩნია, უნდა მოვაწესრიგოთ, მოვუაროთ და მომავალ თაობებს გადავცეთ.
ლადო გუდიაშვილის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების რეაბილიტაციას თბილისის განვითარების ფონდი პროექტის - „ახალი ტფილისი“ ფარგლებში განახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს არქიტექტურული თვალსაზრისით დედაქალაქის ერთ-ერთი უძველესი უბნის აღდგენას, ქალაქის ისტორიულ ნაწილში დიდი ტურისტული მარშრუტის განვითარებას, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობისთვის კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შექმნას.
სარეაბილიტაციო სამუშაოები საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების რეაბილიტაციის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და სხვა საცხოვრებელი შენობების რესტავრაცია-რეაბილიტაციის ეტაპებისგან შედგება.
www.travelingeorgia.ge