გორისაში თხმორისის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისაში მდებარე XIX ს-ის თხმორისის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ეკლესია დარბაზულია (16.5×9.5 მ). ნაგებია ყორე ქვით დუღაბზე. დასავლეთიდან მიდგმული აქვს სამსართულიანი სამრეკლო. კუთხეებში გამოყენებულია ნათალი კვადრები. შესასვლელი სამხრეთიდან, ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან აქვს.
სამხრეთის და ჩრდილოეთის კედლებში ორ-ორი, აღმოსავლეთის და დასავლეთის კედლებში კი თითო ფართო და თაღოვანი სარკმელია. კედლები დასრულებულია თაროსებრი ლავგარდნით. გადახურულია კრამიტით. ეკლესიას აღმოსავლეთით ნალისებრი აბსიდი აქვს, რომელიც დარბაზისგან გამოყოფილია სამსაფეხურიანი მხრებით.
სივრცე დანაწევრებულია გრძივი კედლებზე გაკეთებული ორ-ორი წყვილი პილასტრით, რომლებიც ორსაფეხურიანია. ასეთივე პილასტრია დასავლეთ კედლის კიდეებში. კონქი და კამარა ხისგანაა მოწყობილი, ამიტომ პილასტრებზე გადასული თაღები დეკორატიული ხასიათისაა. იატაკი ქვის ფილებისაა, ამბიონი ერთი საფეხურითაა ამაღლებული. კანკელი რუსულია.
ტაძრის მორთულობას შეადგენს სარკმელთა მოჩარჩოება, ჩრდილოეთის და სამხრეთის კართა ლილვები, კაპიტელები, კართა ზემოთ ფრონტონისებური გაფორმება და ჩრდილოეთი კარის თავზე წმ. გიორგის გამოსახულება. ეკლესიაზე დასავლეთიდან მიდგმულია სამსართულიანი სამრეკლო. პირველი სართული კარიბჭის როლს ასრულებს, სამხრეთ კედელში ზედა სართულებზე ამავალი კიბეა ჩართული. მეორე სართულზე დასავლეთ კედელში ერთი სარკმელია გაჭრილი. მესამე სართული ოთხ სვეტზე დაყრდნობილი ფანჩატურია. გადახურულია თუნუქით. სამრეკლოს მორთულობას წარმოადგენს პირველი სართულის ჩრდილოეთი და სამხრეთი კედლის დეკორატიული თაღები და დასავლეთის შესასვლელის სადა ლილვები.
www.travelingeorgia.ge