ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, სამინისტრო ფილარმონიის მმართველი კომპანია „ინტერნეიშენალ ივენთსის“ მიერ გამოგზავნილ წერილს გადახედავს და უახლოეს მომავალში საკითხი დასრულდება.
“ფილარმონიის მმართველ კომპანიას გავუგზავნეთ წერილი, რომ მათთან დარღვევების გამო ხელშეკრულებას ვწყვეტდით და ეს წერილი შეგიძლიათ გამოითხოვოთ. ამის შემდეგ, მათ წერილითვე გვიპასუხეს, რომ ჩვენ მიერ გაწერილ საკითხებს არ ეთანხმებიან. ახლა ამ შემოსული წერილის გადახედვის პროცესში ვიმყოფებით. ეს საკითხი დროულად დასრულდება,” – განაცხადა ქობულიამ.
მინისტრმა კომენტარი ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში სიმფონიური ორკესტრის დაბრუნების შესახებაც გააკეთა და აღნიშნა, რომ შესაძლოა, ორკესტრი დაუბრუნდეს სივრცეს.
“ყველანაირი გადაწყვეტილება მიიღება, რა თქმა უნდა, დაბრუნება შეიძლება“, – განმარტა გიორგი ქობულიამ.
შეგახსენებთ, 2007 წელს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზი/ფილარმონია 49-წლიანი მართვის უფლებით შპს „ინთერნეიშენალ ივენთსს“ გადაეცა. ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის დარბაზს სახელმწიფოს წინაშე 3,115,146 ლარის და $177,102 დოლარის დავალიანება ერიცხება. 2019 წლის 18 იანვარს ფილარმონიის მმართველმა ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას წერილით მიმართა, რომელშიც დავალიანება 9 წელზე გადანაწილებას სთხოვს. უწყებას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
ასევე, გუშინ, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, კულტურის მინისტრს მიხეილ ბატიაშვილს და ეკონომიკის მინისტრს გიორგი ქობულიას მიმართა თხოვნით, თბილისის საკონცერტო დარბაზში დააბრუნონ. როგორც ორკესტრის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ რაჭველმა განაცხადა, ორკესტრი იმსახურებს, რომ მუდმივი სარეპეტიციო ადგილი ჰქონდეს, სადაც შეძლებს საინტერესო და მრავალფეროვანი კონცერტების ჩატარებას.
BM.ge