ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გელათის სამონასტრო კომპლექსზე უნიკალური ფრესკების სკანირება დასრულდა
05 თებერვალი, 2018

გელათის სამონასტრო კომპლექსზე დასრულდა უნიკალური ფრესკების სკანირებისა და მათი ციფრულ ფორმატში დოკუმენტირების პროცესი.

კულტურული მემკვიდროების დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით შესაბამისი სამუშაოები 1 თვის წინ დაიწყო.

სამუშაო პროცესი გელათის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის, წმინდა გიორგი სახელობის ტაძრისა და კარიბჭეში არსებული კედლის მხატვრობისა და მოზაიკის 3D ფორმატით ლაზერულ სკანირებას და მაღალი გარჩევადობის ციფრულ ფოტო ინფორმაციის სპეციალური პროგრამული უზრუნვეყოფით არქივაციას ითვალისწინებდა.

პროექტი კომპანია „ინჟინრული აზრის“ თანამშრომლებმა და კედლის მხატვრობის ქართველმა სპეციალისტებმა განახორციელეს. ამ მომენტიდან ფრესკების ნებისმიერი ფორმით დაზიანების შემთხვევაში, სკანირებული ინფორმაცია სააგენტოს მათი ზუსტად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს. მიღებული მასალის სიზუსტე და მაღალი ხარისხი მოხატულობის ფართებისა და ცალკეული ზომების, მოხატული ზედაპირის ფორმის, ფრესკების დაზიანების ხარისხისა და გაბარიტების, ნახატის გრაფიკისა და ფერთა გამის განსაზღვრის ეფექტურ საშუალებას იძლევა. სკანირების პროცესის შემდეგომ, სააგენტოს უკვე აქვს გელათის ფრესკებზე პერმანენტული ზედამხედველობისა და მონიტორინგის საუკუთესო ინსტრუმენტი. სკანირებული ინფორმაციის საფუძველზე განხორციელდება სამომავლო კონსერვაციის პროცესზე კონტროლიც.

სკანირებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, სპეციალისტებს სამომავლოდ გელათის ღმრთისმშობლის ტაძრის ამა თუ იმ ფრესკის (ორიგინალის) ზუსტი ასლის დამზადების შესაძლებლობაც ექნებათ. ამავდროულად გაჩნდა ისეთი ფრესკების კალკირების შესაძლებლობა, რომლებზეც ფიზიკური კონტაქტი სხვადასხვა მიზეზის გამო ამ დრომდე დაუშვებელი იყო. 
დაარქივებული მასალები სამომავლოდ ხელოვნების დარგის სასწავლო დაწესებულებისათვის გახდება ხელმისაწვდომი. 

სააგენტოს ცნობით, სამუშაოები მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 41-ე სესიის გადაწყვეტილების საფუზველზე საქართველოს მიერ აღებული იმ ვალდებულებების ფარგლებში წარიმართა, რომელიც გელათის მონასტრის, როგორც მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საკონსერვაციო მდგომარეობისა და მონიტორინგის რეჟიმების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მოთხოვნილი ქმედებები გელათის მონასტრის კედლის მხატვრობისა და მოზაიკის შესახებ სრულფასოვანი დოკუმენტაციის მომზადებას ითვალისწინებდა.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.