გამომცემლობა სამშობლოს შენობაში სასტუმროს ახალი ქართული ბრენდი “სტამბა“ განთავსდება
გამომცემლობა სამშობლოს ყოფილ შენობაში სასტუმრო InterContinental-ი აღარ გაიხსნება. როგორც Adjara Group Hospitality-ის აღმასრულებელი დირექტორი ვალერი ჩეხერია “კომერსანტთან“ ექსკლუზიურად აცხადებს, InterContinental-ის ნაცვლად შენობაში მთლიანად ახალი ბრენდის სასტუმრო - “სტამბა“ გაიხსნება.
ვალერი ჩეხერიას განცხადებით, სასტუმროს ექსპლუატაციაში შესვლა 2 ეტაპად მოხდება, კერძოდ, 2017 წლის ბოლოს გაიხსნება “სტამბის“ 45 ნომერი, უკვე 2018 წლის გაზაფხულზე კი მეორე ნაწილი, სულ სასტუმროში 160 ნომერი განთავსდება.
ამ ეტაპისთვის სასტუმროს მშენებლობასა და განვითარებაში 15 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.
“Adjara Group Hospitality აღნიშნული პროექტით ახალ ქართულ ბრენდს - სტამბას ქმნის“, - აცხადებს “კომერსანტთან“ საუბრისას ჩეხერია.
მისივე თქმით, მესამე ეტაპზე იგეგმება საკონფერენციო დარბაზის, საგამოფენო სივრცეების და სპა ცენტრის გაკეთება, რაშიც დამატებით 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება. მთლიანი ინვესტიციის მოცულობას კი ჩეხერია ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს.
სასტუმროს ტერიტორიაზე იგეგმება კაზინოს გახსნაც, თუმცა კონკრეტულად რომელი ბრენდის განთავსდება „სტამბაში“, ჩეხერია ამ ეტაპზე არ საუბრობს. როგორც ის კომერსანტთან საუბრისას განმარტავს, „აჭარა ჯგუფს“ სხვადასხვა კომპანიისგან აქვს შეთავაზება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. ერთს გეტყვით - კაზინოს აღჭურვა “აჭარა ჯგუფი“ მიერ მოხდება, - განაცხადა ჩეხერიამ.
შეგახსენებთ, რომ კოსტავას 14 ნომერში, გამომცემლობა „სამშობლოს ყოფილი შენობა „აჭარა ჯგუფი“ 2011 წელს, პირდაპირი მიყიდვის წესით 9 მილიონ დოლარად შეიძინა. მოგვიანებით აღნიშნულ შენობაში 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს InterContinental-ის მშენებლობა დაიწყო. 2017 წლის დასაწყისში ვალერი ჩეხერია კომერსანტთან საუბრისას აცხადებდა, რომ სასტუმროს წლის ბოლომდე გახსნისთვის აქტიური სამუშაოები მიმდინარეობდა.
„InterContinental -ის გახსნისთვის ამჟამად ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. გვსურს, რომ წელს გაიხსნას, რადგან ჩვენ ბიზნეს გეგმაში ეს საკითხი ასე ზის. ჩვენთან ყველაფერი საზღვარგარეთიდან ჩამოდის და თუ რაიმეს დაგვიანებამ პრობლემა არ შეგვიქმნა, InterContinental-ი წელს გაიხსნება“, – აცხადებს ჩეხერია.
სამშობლოს შენობაში სასტუმრო აუცილებლად გაიხსნება, მაგრამ არა InterContinental-ის ბრენდით, არამედ “სტამბის“.
ავტორი: ლიკა გურაბანიძე
commersant,ge