საპარლამენტო უმცირესობამ “საქართველოს საგადასახადო კოდექსში” შესატანი ცვლილებები მოამზადა, რომლის მიზანია, ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ფართის არასაცხოვრებელი მიზნით გაქირავების 5%–იანი საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა, ნაცვლად არსებული 20%-სა.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, მისი ინიცირების მიზეზი იმ ფიზიკურ პირთა ხელშეწყობაა, რომლებიც ბინებს, სახლებს ან მათ ნაწილებს აქირავებენ.
“აღსანიშნავია, რომ დღეს საცხოვრებლი სახლის ამავე დანიშნულებით გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი იბეგრება 5%-ით, თუმცა თუ გაქირავდება სხვა დანიშნულებით, მაგალითად, საოფისე დანიშნულებით, მაშინ იბეგრება 20%-ით. ეს კი არათანაბარ ვითარებაში აყენებს იმ ადამიანებს, ვინც საცხოვრებელ სახლს აქირავებს საოფისე დანიშნულებით.
აგრეთვე, აღნიშნული კანონპროექტის მიღება საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების წინაპირობაა, რადგან ფიზიკურ პირებს საშუალება ეძლევათ დაუბეგრავი თანხები მიმართონ ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებში”, – წერია საპარლამენტო უმცირესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტში, რომლის ავტორი დეპუტატი გიორგი წერეთელია.
კანონპროექტი გავლენას ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
“კერძოდ 2018 წლის განმავლობაში სახაზინო სამსახურის ინფორმაციით, საშემოსავლო გადასახადმა ფიზიკური პირების მიერ იჯარით გაცემის შედეგად მიღების შემოსავლებიდან ჯამურად შეადგინა 33.97 მლნ ლარი. ეს მონაცემები ეყრდნობა ერთის მხრივ ფიზიკურ პირებზე გაქირავებიდან მიღებული შემოსავლის საგადასახადო წილს – 5%-ს, ხოლო მეორეს მხრივ 20%-იან საშემოსავლო გადასახადს, რომელსაც იხდიან მოქალაქეები საოფისე ან კომერციული დანიშნულებით საცხოვრებელი ფართით გაქირავებისას. ზუსტი გათვლა, რომელი რამდენს იხდის ამ ეტაპზე შეუძლებელია, შესაბამისად, ვიცით, რომ მაქსიმალური ზღვარი 34 მლნ ლარია”, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
აღნიშნული კანონპროექტის განხილვა მიმდინარე წლის 1 აპრილს, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზეა დაგეგმილი.