ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტისთვის 2 მლნ 700 ათასი ლარი გამოიყო
21 სექტემბერი, 2017

თბილისის ჩუღურეთის რაიონში, ფიროსმანის ქუჩის განვითარებისა და რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს. პროექტის პრეზენტაცია ფიროსმანის ქუჩაზე 26 სექტემბერს, 20:00 საათზე გაიმართება. ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის შესადგენად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 2 მილიონ 700 ათასი ლარია გამოყოფილი.

რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის კი, თანხის ნაწილი თბილისის 2018 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა, ნაწილის მოძიება კი ინვესტორებისგან იგეგმება.

ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაციას დედაქალაქის მერია თბილისის განვითარების ფონდთან ერთად გეგმავს. ქუჩის აღდგენა და განახლება პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში განხორციელდება და რეაბილიტაცია ქუჩაზე მდებარე შენობებს ჩაუტარდება. სარეაბილიტაციო არეალში განსახორციელებელი სამუშაოები წინასწარ შემუშავებული კვლევის მიხედვით დაიგეგმება.

როგორც „სითი კვირას“ ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ განუცხადა, 2017 წლის ბიუჯეტიდან თანხა გამოყოფილია და მიმდინარეობს დაპროექტება. კეთდება ქუჩის განვითარების ერთიანი გეგმა. მანამდე ჩატარდა კვლევა.

​დეპუტატის ინფორმაციით, 2018 წლიდან პირველ ეტაპზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდება, როგორც ეს გრიგოლ ორბელიანის მოედანზე კეთდება. შემდეგ ეტაპზე გაიყიდება პროექტები. ქუჩაზე არის ასევე, კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, სადაც აშენდება სასტუმროები.

რიმა ბერაძის ინფორმაციით, ფიროსმანის ქუჩის განვითარების ერთიან გეგმას “თბილისის განვითარების ფონდი” წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც  გაგრძელდება ქუჩის შემდგომი განვითარება

​რა მოცულობის თანხა იქნება საჭირო ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაციისთვის ჯერჯერობით უცნობია. რიმა ბერაძის განმარტებით, მარტო მიწისქვეშა კომუნიკაციებს რეაბილიტაციას 12-დან 15 მილიონამდე ლარი დასჭირდება.

“არ იგულისხმება მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება მხოლოდ ფიროსმანის ქუჩაზე, არამედ მიმდებარე, პატარა ქუჩებზეც. დღეს არსებულ მიწისქვეშა კომუნიკაციებზე მშენებლობები ვერ განვითარდება, რადგან ქსელი მოძველებულია, არც გამტარუნარიანობა იქნება საკმარისი იმისთვის რა პროექტების განხორციელებაც აქვთ ჩაფიქრებული”,- აცხადებს თბილისის საკრებულოში ჩუღურეთის რაიონის დეპუტატი.

​მისივე ინფორმაციით, ფიროსმანის ქუჩაზე ისეთივე სარეკონსტრუქციო სამუშაოები განხორციელდება, როგორც აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცისას. შენარჩუნდება ქუჩის იერსახე.

“ეს არის ტურისტული მარშრუტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, ამას ხელს უწყობს ისიც, რომ ფიროსმანის ქუჩა მდებარეობს დედაქალაქის ძირძველ ნაწილში, ჩუღურეთის რაიონში და ის ძალიან ახლოს არის რკინიგზის სადგურთან“, – განაცხადა ბერაძემ.

რაც შეეხება ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმს რიმა ბერაძის ინფორმაციით, მისი რეაბილიტაცია უკვე მიმდინარეობს ილია ჭავჭავაძის მუზეუმთან ერთად.

სარეაბილიტაციო სამუშაოების “თბილისის განვითარების ფონდი” ახორციელებს.

www.city.kvira.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.