მოქალაქე მაია ხავთასი თბილისის მერს კანცელარიის უკან მდებარე ქუჩაზე არსებული სახლების განახლებისა და გაფერადების წინადადებით მიმართავს. მან საკუთარი იდეა საიტზე უკვე დაარეგისტრირა და მოსახლეობის მხარდაჭერას ელოდება. თუ იდეა 2500-ზე მეტ ხმას მიიღებს, ის განსახილველად დედაქალაქის ხელმძღვანელობას გაეგზავნება.
“მაქვს დიდი სურვილი, რომ სოლოლაკში ჩემი იტალიური ეზო, რომელსაც აქვს ძალიან კარგი მდებარეობა (კანცელარიის უკან, მთაწმინდის საბაგიროზე ამავალი ქუჩა), დაემსგავსოს თურქეთში არსებულ პოპულარულ ფერად სახლებს. ჩემი აზრით, უნდა მოხდეს ძველი შენობის განახლება, რეკონსტრუქცია, მისი იარსახის შენარჩუნება და გაფერადება. შემდეგ კი კარგი მარკეტინგული კამპანია მოიზიდავს უცხოელებს ამ სანახაობის დასათვალიერებლად. ქუჩის ის ნაწილი, სადაც მდებარეობს ეს ეზო, წლებია გადაკეტილია და მანქანები არ მოძრაობს. შეიძლება გადაკეთდეს სასეირნო ქუჩად, სადაც გაკეთდება ლამაზი, მყუდრო კაფეები. ეს პროექტი ხელს შეუწყობს თბილისში უფრო მეტი ტურისტის მოზიდვას, ასევე მოსახლეობას მისცემს შესაძლებლობას დაუბრუნდნენ საკუთარ სახლებს, რომლებიც წლების წინ დატოვეს საცხოვრებლის ავარიულობის გამო. ოფიციალურად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მილიონი ლარი გამოიყო ჭონქაძის ქუჩის სკვერის გადასაკეთებლად. ვთვლი, რომ ეს პროექტი ბევრად მნიშვნელოვანია ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით.”- აღნიშნავს მაია ხავთასი.
city.kvira.ge