ევროზონაში უვიზოდ მოგზაურთათვის რეგულაციების გამკაცრებას ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა შენგენის ზონაში შესვლისას მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის ავტორიზაციის შემოღების პროექტს მხარი დაუჭირა. შესაბამის გადაწყვეტილებას მხარი 477 ევროდეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 139 იყო, თავი კი 50-მა დეპუტატმა შეიკავა.
„შენგენში შესვლის წესები სასწრაფო განახლებას ითხოვს უსაფრთხოების სფეროში გაჩენილი პრობლემებისა და ბოლო წლებში მოგზაურთა ნაკადის გაზრდის გამო“, - განაცხადეს ევროპარლამენტში. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.
ტერორიზმის გაზრდილი საფრთხის გამო, ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საკითხების კომიტეტმა (LIBE) 19 ოქტომბერს მხარი დაუჭირა ახალი რეგულაციების პროექტს, რომლის თანახმადაც, მესამე ქვეყნის მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლისთვის შესაძლოა ავტორიზაციის გავლა მოუწიოთ.
ევროპული სამოგზაურო ინფორმაცია და ავტორიზაციის სისტემა (ETIAS) მოიცავს სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე დარეგისტრირებას, პერსონალური მონაცემების შევსებას, მათ შორის სწავლისა და მუშაობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ატვირთვას და აპლიკაციის საფასურის - 10 ევროს გადახდას. აპლიკანტი მაქსიმუმ 72 საათში მიიღებს დასტურს ან უარყოფას შენგენის ზონაში შესვლასთან დაკავშირებით. ამასთან, ავტორიზაცია 3 წლის განმავლობაში იქნება მოქმედი. ხოლო 18 წლამდე ახალგაზრდები, 60 წელს გადაცილებული მოქალაქეები, სტუდენტები და მკვლევრები სააპლიკაციო გადასახადისგან თავისუფლები არიან.
სავარაუდოდ, აღნიშნული რეგულაციები 2020 წლიდან ამოქმედდება.
ევროკავშირის, შენგენის ზონაში მგზავრობის წესების გამკაცრებასთან დაკავშირებით, გუშინ დამატებით განმარტება გააკეთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. ვახტანგ მახარობლიშვილის აზრით, ავტორიზაციის ახალი სისტემა მოქალაქეებს შენგენის ზონაში შესვლას არათუ გაურთულებს, არამედ გაუადვილებს. მისი თქმით, წინასწარი ავტორიზაციის გავლა შეამცირებს საზღვრიდან უკან გამობრუნების ალბათობასაც.
ევროკავშირში მგზავრობის წესების გამკაცრება - საქართველოს დიპლომატიურ უწყებაში დამატებით განმარტებებს აკეთებენ
commersant.ge