ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ერთი ბრენდის ისტორია – “თელავის ღვინის მარანი“
10 აგვისტო, 2017

ღვინის მწარმოებელი კომპანია „თელავის ღვინის მარანი“ 1915 წელს სწორედ თელავის მახლობლად დაარსდა. თითქმის უკვე საუკუნეა, რაც მარანში ისტორია და ინოვაცია ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული.

“ვინარჩუნებთ რა კახეთის მეღვინეობის ტრადიციებისადმი ერთგულებას,  ფეხს ვუწყობთ თანამედროვეობას და ჩვენს ისტორიულ გამოცდილებასთან მეღვინეობის უახლესი მეთოდების ადაპტაციით ვქმნით ღვინოებს, რომელნიც სიამოვნებას ანიჭებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ყველაზე დახვეწილი გემოვნების მომხმარებელს. თელავის ღვინის მარანის ღვინოებში განსხეულებულია ქართული მეღვინეობა-მევენახეობის ინდივიდუალობა, მრავალსახეობა და  ჩვენი მისწრაფება – საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ ადგილობრივი ყურძნის ჯიშების მრავლფეროვნების, კლიმატური პირობებისა და ნიადაგების გამორჩეული თანაფარდობა”.

თეთრი და წითელი ყურძნის ჯიშები თანაბრადაა გადანაწილებული 22 500 ჰა ფართობის ვენახებში, რომლებიც ზღვის დონიდან 250-650 მ სიმაღლეზეა გაშენებული. აქ არის 7 ძირითადი ადგილწარმოშობის ზონა. მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპიროზე  წინანდლის, ვაზისუბნის, ახაშენისა და მუკუზანის ზონებია შეფენილი, ხოლო კავკასიონის  თვალწარმტაც მთისწინეთში მდებარეობს ნაფარეულის, ყვარელისა და ქინძმარაულის მიკროზონები. ეს ის ადგილწარმოშობის ადგილებია, რომელთაც სახელი გაითქვეს მსოფლიოში ელეგანტური თეთრი  და სრულსხეულიანი და კომპლექსური წითელი ღვინოებით.

კომპანიის დაფუძნების იდეა

კომპანიას ღვინის წარმოების 1 საუკუნოვანი ისტორია აქვს. კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ზურაბ რამაზაშვილმა პარტნიორთან ერთად ის 1997 წელს შეიძინა. ამ დროისთვის კომპანია გაკოტრების პირას, ფინანსურად საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში იყო. ახალ მფლობელებს საკმაოდ დიდი ძალისხმევა დასჭირდათ იმისათვის, რომ კომპანია ისეთი წარმატებული ყოფილიყო, როგორიც დღეს არის.

როგორც რამაზაშვილი განმარტავს, გასაკეთებელი ძალიან ბევრი რამე იყო. პირველ რიგში კი ეს იყო ვენახების გაშენება, კომპანიის ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა, მარკეტინგი, გაყიდვების ზრდა და ასე შემდეგ. ეს პროცესი კომპანიაში 20 წელია გრძელდება  და როგორც ჩანს, საკამოდ წარმატებულადაც.

ბრენდის წარმატებაზე

კომპანიის მთავარი მიღწევა სტაბილური ხარისხია. რამაზაშვილი აცხადებს, რომ კომპანიას ფართო მასშტაბის სარეკლამო კამპანია არასდროს  ჩაუტარებია. ბრენდმა წარმატებას სტაბილური ხარისხის გამო მიაღწია. „რეკლამა მომხმარებელმა გაგვიწია და ჩვენი ღვინო ბრენდად აქცია“, – აცხადებს რამაზაშვილი.

ბრენდის დამკვიდრების პროცესში მთავარი სირთულე

კომპანიამ საწყის ეტაპზე წარმოება ერთი დასახელების ღვინით (თეთრი ღვინით)  დაიწყო. შემდეგ კი ასორტიმენტი გაფართოვდა და დღეს კომპანია დაახლოებით 70-ზე მეტი დასახელების ღვინოს აწარმოებს. რაც შეეხება სირთულეს, რამაზაშვილი ამბობს, რომ ის იმისთვის არსებობს რომ დაიძლიოს.

ლოგო და ბრენდის ისტორია

“კომპანიამ „თელავის ღვინის მარანი“ აღიდგინა თავისი ისტორიული სახელი. კომუნისტურ ხანაში ამ კომპანიას „კურდღელაურის ღვინის ქარხანა“ ერქვა. ჩვენ დავუბრუნეთ ისტორიული სახელი და ბრენდად ავირჩიეთ სიტყვა – მარანი, რომელიც დაკავშირებულია ბიჭუნასთან, როემლსაც მხარზე ორი ქვევრი აქვს. ეს არის ძალიან ლამაზი, ქართული ბარელიეფი. ის გამოყვანილია თიხაში და მისი მოდიფიკაცია გაკეთდა იმ სახით, რომ გამოსახულება ადვილად აღსაქმელი ყოფილიყო. ეს ჩვენი ერთიანი სიმბოლიკაა. ეს დასახელება და ეს ლოგოა დარეგისტრირებული მსოფლიოს თითქმის  ყველა ქვეყანაში.”


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.