ექსპორტირებული ქართული თაფლის 47% იაპონიის ბაზარზე იყიდება. ქართული თაფლი ასევე გადის არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, ყატარში, ბაჰრეინში, ერაყში, საუდის არაბეთში.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა მეფუტკრეობის სათათბირო საბჭოს პირველ სხდომაზე ქართული თაფლის ევროკავშირის ბაზარზე აღიარებისთვის გაწეული მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ლევან დავითაშვილის თქმით, ქართული თაფლის ევროკავშირის ბაზარზე დაშვება შესაძლებლობაა და მაქსიმალური გამოყენებისთვის სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა, გათვალისწინებულია ეკოლოგიური ასპექტები.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ქართული მეფუტკრეობის პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მიღება მნიშვნელოვანია. 2019 წელს, კანადაში, მონრეალში, საერთაშორისო გამოფენასა და კონგრესზე „აპიმონდია“ ქართული თაფლის წარდგენისთვის მოსამზადებელი სამუშაოების დაწყება დაავალა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში მზარდია ტენდენცია ფუტკრის ოჯახების მოშენებისა და თაფლის წარმოების მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ დღეს ბაზარზე უკვე არსებობს ბრენდირებული, შეფუთული თაფლი.
www.travelingeorgia.ge