ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე პარტნიორთან ერთად კვების ინდუსტრიაში “Airbnb”-ის პრინციპის ანალოგ აპლიკაციას ქმნის.
როგორც სიდამონიძემ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, ეს იქნება მულტიფუნქციური გლობალური ონლაინ-პლატფორმა, რომელიც ტურისტებს საშუალებას მისცემს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში დააგემოვნოს ადგილობრივების მიერ მომზადებული ტრადიციული კერძები.
“ვთქვათ, ვარ ადგილობრივი მოგზაური, რომელსაც სურს რაჭაში, სახლში დამზადებული რაჭული ლობიანის დაგემოვნება, მაგრამ ვერ ვარკვევთ სად მზადდება. EATLOCAL კი, ტურისტებს შესაძლებლობას მისცემს მსგავსი ლოკაციები მარტივად “ჯიპიესის” საშუალებით მოძებნონ. ადგილობრივებს კი, ამ პლატფორმაზე საკუთარი მომსახურების განთავსების შესაძლებლობა ექნებათ”, – აცხადებს სიდამონიძე.
მისივე თქმით, ესაა სტარტ-აპი, რომელიც ჯერ ადგილობრივად, მოგვიანებით კი, გლობალურად განვითარდება.
„მოგზაურს უკვე მობერზრდა გაცვეთილი ტურისტული ადგილები, რომლებიც იმდენად სტანდარტიზირებული და კომერციალიზირებულია, რომ რეალურად უკვე დაკარგული აქვს ადგილობრივი ხიბლი და ავთენტურობა. აქედან გამომდინარე, მოვიფიქრეთ ეს სტარტ-აპი”, – აცხადებს სიდამონიძე.