ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა კომპანია "ბადაგონმა" გერმანიაში ლოჯისტიკური ცენტრი გახსნა. ევროპის 12 ქვეყანა კომპანიის პროდუქციით სწორედ ამ ცენტრიდან მარაგდება.
კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი სალაყაია Bm.ge-სთან 2017 წელს აჯამებს. მისი თქმით, ლოჯისტიკური ცენტრი მიმდინარე წლის დასაწყისში გაიხსნა და კომპანიას ევროპაში ოპერირება გაუმარტივა.
მეღვინის ინფორმაციით, მიმდინარე წელს საწარმო 100%-ით დაიტვირთა და ექსპორტის მიმართულებით ერთ-ერთი ლიდერიც გახდა. ამასთან, კომპანიამ პროდუქცია გააიტანა ჩინეთის ბაზარზე. მთლიანობაში „ბადაგონმა“ დამკვეთებს 5 მილიონი ბოთლი უნდა მიაწოდოს, გიორგი სალაყაია თქმით, კონტრაქტის 25% უკვე შესრულებულია.
გარდა ბაზრების დივერსიფიცირებისა, 2018 წელს კომპანია ვენახების გაზრდასაც აპირებს. გიორგი სალაყაია ამბობს, რომ ამჟამად მათს მფლობელობაში 400 ჰა მიწის ფართობზე გაშენებული ვენახებია, მომავალ წელს კი „ბადაგონი“ კიდევ 70 ჰა-ს დაამატებს.
მთლიანობაში მეღვინე 2017 წელს დადებითად აფასებს. მისი თქმით, დარგის მიმართ სახელმწიფოს დახმარება საკმაოდ კარგი იყო, როგორც რთველში, ასევე მარკეტინგულ კამპანიებში.
გამოწვევებზე საუბრისას კი გიორგი სალაყაია აღნიშნავს, რომ პრობლემად რჩება მიკროზონების პასპორტიზაციის თემა, თუმცა, ბიზნესმენი იმედს იტოვებს, რომ ეს მიმართულება უახლოეს მომავალში გამოსწორდება.
ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი