ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
დააჯარიმეს კომპანიები, რომლებმაც გელათი გადახურეს
20 იანვარი, 2021

გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარზე დაზიანებული დროებითი გადახურვის ხარვეზებს 19 იანვრიდან კომპანია „ბაგინეთი +“ გამოასწორებს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გელათის გადახურვაზე მომუშავე კომპანიები „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“ და „იკორთა 2007“ 12 000 – 12 000 ლარით დაჯარიმდნენ იმის გამო, რომ, გაფრთხილების მიუხედავად, ვერ უზრუნველყვეს ხარვეზებით შესრულებული სამუშაოების გამოსწორება.

18 იანვარს ტაძრის დასავლეთ მკლავზე ქარის შედეგად დროებითი, თუნუქის გადახურვა დაზიანდა. დაზიანებული კონსტრუქციის აღდგენის სამუშაოები უკვე დაიწყეს და მასში ჩართული არიან კლუბ „თეთნულდის“ ალპინისტები.

გელათის მონასტერში წყალი ჩავიდა სახურავის რეაბილიტაციის დასრულებიდან ერთ თვეში. წვიმამ მნიშვნელოვნად დააზიანა ფრესკები. ტაძრის კედლებიდან მხატვრობის ფრაგმენტები ცვივა.

2020 წლის გაზაფხულზე მონასტრის მთავარ ტაძარზე დროებითი სახურავის მოწყობა გადაწყდა, პროცესი დეკემბერში დასრულდა და ტაძრის მკლავები თუნუქით გადახურეს.

რადიო თავისუფლება


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.