ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გიორგი ჩოგოვაძე: „2018 წელს ევროკავშირის ქვეყნები ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე აუდიტორია იქნება“
04 იანვარი, 2018

„2018 წელს ევროკავშირის ქვეყნები ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე აუდიტორია იქნება“ - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის“ ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა.

როგორც ჩოგოვაძე აღნიშნავს, გაზრდილ ტურისტულ ნაკადებს არა მარტო დამატებითი შემოსავალი მოაქვს ქვეყნისთვის, არამედ ეს ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებსაც. 

„ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში დინამიურად და აქტიურად ვმუშაობთ ტურიზმის განვითარებაზე. სწორად გადადგმულმა ნაბიჯებმა, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე საერთაშორისო ასპარეზზე გამოიწვია ის, რომ ყოველწლიურად ჩვენ სიახლეები გვაქვს. ჩვენ ახალი რეკორდების წელიწადი გვქონდა, რომელიც ახალ ციფრებში გამოიხატა. 2017 წელი ჩვენ 7,4 მილიონი ტურისტი მივიღეთ. შემოსავლები 2017 წლის განმავლობაში საერთაშორისო ტურიზმიდან 2,7 მილიარდი დოლარია.“, - განაცხადა ჩოგოვაძემ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმითვე, 2018 წელს ტურისტების რაოდენობა კვლავ გაიზრდება. განსაკუთრებული ყურადღება კი მაღალშემოსავლიანი ტურიზმის განვითარებას დაეთმობა.

„წელს ტურისტების რაოდენობის ზრდას კვლავ ველოდებით. ჩვენ აქტიური ნაბიჯების გადადგმას საერთაშორისო ბაზარზე კვლავ გავაგრძელებთ, რათა ჩვენი ქვეყანა მეტად პოპულარული გახდეს. საქართველოში გავაგრძელებთ იმ ტურისტული მიმართულებების განვითარებას, რომელსაც მეტი მაღალშემოსავლიანი ტურისტი შემოჰყავს. ამ მიმართულებით კი გამოვარჩევდი საქმიან ტურიზმს.

ჩვენ ამ მიმართულებით შევქმენით ბიურო, რომლის წევრებიც კერძო სექტორის 50 წამყვანი კომპანიაა და მათთან ერთად ვიმუშავებთ ტურისტების მოზიდვაზე. ასევე განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა გამაჯანსაღებელ და სამედიცინო ტურიზმს. 2018 წელს ევროკავშირის ქვეყნები ჩვენი ერთ-ერთი მთავარი სამიზნე აუდიტორია იქნება“, - აღნიშნა გიორგი ჩოგოვაძემ.

კომერსანტი


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.