ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევისაში კარსტული მღვიმეების საინფორმაციო დაფა დააზიანეს
01 მარტი, 2018

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევისაში განთავსებული საინფორმაციო დაფა რამდენიმე დღის წინ დააზიანეს. საინფორმაციო დაფაზე ჩამოხეულია ქართულ და ინგლისურ ენაზე შესრულებული ტექსტი სოფელ პერევისაზე, აგრეთვე კარსტული მღვიმე წილთო 3 -ის შესახენ არსებული ინფორმაცია და სქემა.

კარსტული მღვიმეების მანიშნებლები და ბანერები პოპულარიზაციას უწევდა სპელეოტურიზმს, როგორც საინტერესო და საჭირო მიმართულებას. კარსტული მღვიმეები შესაძლოა გახდეს შემოსავლის წყარო ადგილობრივი მოსახლეობისთვის. 

"სოფელ პერევისაში მომხდარი ფაქტი და სამწუხაროდ ამგვარი დამოკიდებულება ინფრასტრუქტურისადმი, ტურისტული ბიზნეზისათვის შემაფერხებელი ფაქტორია და ხელს შეუშლის სოფლების მდგრად განვითარებას," - ამბობს თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი გიორგი დვალაშვილი.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის 8 სოფელში კარსტული მღვიმეების მიმართულების საფეხმავლო მარშრუტების მანიშნებლები 2017 წელს დაიდგა. მანიშნებლების განთავსება ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - „სპელეოტურიზმის განვითარება ზემო იმერეთში" მოხდა. პროექტს, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ხვალინდელი დღე“ ახორციელებდა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი გიორგი დვალაშვილი ხელმძღვანელობდა.

პროექტის ფარგლებში მოხდა ჭიათურის მუნიციპალიტეტში არსებული კარსტული მღვიმეების მიმართულებით საფეხმავლო მარშრუტების მარკირება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. საინფორმაციო მანიშნებლები დაიდგა შემდეგი კარსტული მღვიმეების მიმართულებით: მანდაეთის კარსტული მღვიმე, კოტიასკლდის მღვიმე სოფელ სვერში, ორთვალაკლდის (წილთო III) მღვიმე სოფელ პერევისაში, კარსტული მღვიმე ,,თსუ 95“ სოფელ ითხვისში, ძუძუანას მღვიმე სოფელ მღვიმევში, ხვედელიძეების კლდის მღვიმე სოფელ ზოდში, საჭინკიის (გუნდაეთის) მღვიმე.

www.topnews.com.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.