ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
«ბოტიჩელი - სილამაზე, კარავაჯო - სინათლე» - გამოფენა 52,411 ვიზიტორმა დაათვალიერა
01 დეკემბერი, 2017

საერთაშორისო ექსპოზიცია - "ბოტიჩელი - სილამაზე, კარავაჯო - სინათლე"  ოფიციალურად დაიხურა. 5 ოქტომბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით გამოფენას ჯამში 52,411 ვიზიტორი ესტუმრა. აქედან 47,011 ბილეთიანი დამთვალიერებელი იყო, ხოლო დანარჩენი, გამოფენის ფარგლებში ჩატარებული, სხვა და სხვა ღონისძიებაზე დამსწრე "უბილეთო" პირები, გამოფენის გახსნასა და დახურვაზე მყოფი სტუმრები, საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილე მოზარდები და ოფიციალური დელეგაციები.

 
აღნიშნულ მონაცემებში ერთიანდება იმ ვიზიტორთა რიცხვიც, ვისთვისაც საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შემოსვლა თავისუფალია, ესენი არიან: "მუზეუმის მეგობრები", ICOM-ის წევრები, საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებული პირები და 6 წლამდე ბავშვები.
 
 
უნივერსალური ღირებულებები: ბოტიჩელი - სილამაზე
 
სანდრო ბოტიჩელის ვენერა 1930 წლიდან ტურინის გალერეა საბაუდას კოლექციის ნაწილია. ბოტიჩელის მსგავსი ტიპის კიდევ ორი ვენერაა ჩვენამდე შემორჩენილი, მათგან ერთი ბერლინის სამხატვრო გალერეაში, ხოლო მეორე - ჟენევაში, კერძო კოლექციაში ინახება. საბაუდას გალერეაში დაცულ ტილოზე ბოტიჩელი ვენერას მუქ ფონზე გამოსახავს. ეს ვენერა რენესანსის ეპოქის ნეოპლატონური ფილოსოფიის თანახმად, სიყვარულის ორი ასპექტის – გრძნობისმიერისა და ღვთაებრივის განსახიერებაა.
 
ბოტიჩელის ვენერას ტრანსპორტირებასა და ექსპოზიციაზე კომპანია "ასოციაცია მეტამორფოზა" მუშაობდა, რომელსაც ეს უფლება საბაუდას გალერეასთან გაფორმებული გრძელვადიანი ხელშეკრულების საფუძველზე აქვს. გამოფენის გამართვისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 75 000 ევრო გამოიყო.
 
კარავაჯო - სინათლე

მიქელანჯელო მერიზი და კარავაჯოს შედევრების გამოფენა აერთიანებს კარავაჯოს 40 ნამუშევრის ნატურალური ზომის მაღალი რეზოლუციის ციფრულ რეპროდუქციებს. ექსპოზიცია წარმოადგენს ქრონოლოგიურ, ისტორიულ და თემატურ მოგზაურობას მხატვრის შემოქმედებაში (რომის პერიოდის ტილოებიდან - მხატვრის უკანასკნელ ნამუშევრებამდე). გამოფენა 2003 წლიდან მოგზაურობს იტალიასა და მის ფარგლებს გარეთ და უკვე ათ მილიონზე მეტი ვიზიტორი გაეცნო მხატვრის ყველა ნამუშევარს ერთ სივრცეში. გამოფენის ორგანიზებისთვის საქართველოს მთავრობამ 75 000 ევრო გამოყო, თანხის დიდი ნაწილი კი იტალიის საელჩომ დაფარა. მიქელანჯელო მერიზი და კარავაჯოს ორმოცი, ნატურალური ზომის, ციფრული რეპროდუქცია, რომლებიც ე.წ. „ლაითბოქსებით“, ეკრანებითაა წარმოდგენილი დ. შევარდნაძის სახელობის გალერეის რამდენიმე დარბაზში იყო განთავსებული. სანდრო ბოტიჩელის „ვენერა“ კი ორიგინალია და გალერეის ერთი დარბაზი ეკავა.

1tv.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.