ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
BOOKING.COM-ზე დარეგისტრირებული 3*, 4* და 5*-იანი სასტუმროების რიცხვი 46%-ით გაიზარდა
23 იანვარი, 2019

თბილისში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში booking.com-ზე დარეგისტრირებული 3*, 4* და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების რაოდენობა 46%-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც საოჯახო ტიპის სასტუმროების რაოდენობა 19.1%-ით არის გაზრდილი.

ამის შესახებ ინფორმაციას PMCG ავრცელებს. 

მათი თქმით, 2018 წლის დეკემბერში, 2017 წლის დეკემბერთან შედარებით, საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 1%-ით გაიზარდა. 

რეგიონების მიხედვით, კი სასტუმროს ფასები ყველაზე მეტად აჭარაში (21.1%) და სამცხე- ჯავახეთში (14.8%) გაიზარდა, ხოლო თბილისში სასტუმროს ფასები 9.8%-ით არის შემცირებული. 

„შემცირება ძირითადად გამოწვეულია 3*, 4 და 5* სასტუმროების ფასების კლებით. მაშინ როდესაც თბილისში 3*, 4* და 5* სასტუმროს ფასები 14.7%-ით არის შემცირებული, საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 9%-ით არის გაზრდილი”, -აცხადებენ PMCG -ში. 

მათივე ინფორმაციით, 2018 წლის დეკემბერში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 1 133 ლარი შეადგინა. 3-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის ყველაზე მაღალი საშუალო ფასი რეგიონებს შორის სამცხე-ჯავახეთში – 208 ლარი დაფიქსირდა. რაც შეეხება სხვა ტიპის სასტუმოებს, 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა დეკემბერში 240 ლარი შეადგინა. 4-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის, ყველაზე მაღალი საშუალო ფასი სამცხე-ჯავახეთში – 278 ლარი დაფიქსირდა. 

5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა დეკემბერში 502 ლარი შეადგინა. თბილისში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 630 ლარი შეადგინა, აჭარაში – 483 ლარი, სამცხე-ჯავახეთში – 417 ლარი, ხოლო კახეთში – 300 ლარი. 

საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასმა დეკემბერში 73 ლარი შეადგინა. ყველაზე მაღალი ფასი საოჯახო ტიპის სასტუმროებში 3* და 4* სასტუმროების მსგავსად, სამცხე-ჯავახეთში (89 ლარი) დაფიქსირდა.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.