ბეთანიის ზამთრის სათხილამურო კურორტი ისევ ინვესტორის მოლოდინშია. კურორტის მმართველი „რანდევუ ბეთანიას“ ხელმძღვანელი თამაზ ბასილია „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ დაინტერესება არსებობს, თუმცა კურორტის გასხვისება ბეთანიამდე მისასვლელი გზის არარსებობის გამო ჭიანურდება.
ბასილიას ინფორმაციით, კონკრეტული ინტერესი არსებობს ისრაელელი ინვესტორების მხრიდან.
რაც შეეხება გზას, საუბარია, წყნეთის ზემოთ, ბეთანიის გზაზე, რომელიც 2015 წლის 13 ივნისის თბილისის სტიქიის შემდეგ ჩამოინგა და დღემდე არ გაკეთებულა. ბასილიას თქმით, აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნული გზის რეაბილიტაცია უახლოეს პერიოდში დაიწყება.
„2 წლის განმავლობაში ამის გამო, კურორტი ვერ მუშაობს. კოჯრიდან მისასვლელი გზა კი საკმარისი არ არის, რადგან თუ ორივე გზიდან 100 კაცი მოდიოდა, კოჯრიდან 20 კაცი ამოვა. ეს კი კურორტს ვერ ამუშავებს. პრობლემებია თელასთან არასწორად დარიცხულ გადასახადებთან დაკავშირებით. კურორტი დაკეტილია, არ მუშაობს და მაინც ფულს მაწერს. ყველა მიმართულებით პრობლემებია“, -აცხადებდა ბასილია 2017 წლის დასაწყისში.
კურორტზე მდებარეობს სასტუმრო, თუმცა ბოლომდე დასრულებული ჯერ არ არის, მოწყობილია სათხილამურო ინფრასტრუქტურაც. თამაზ ბასილიას განცხადებითვე, კურორტზე 2, 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო და ამავე ფასად იყიდება.
„რანდევუ ბეთანია“ თბილისიდან 18 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და 30 ათას კვადრატულ მეტრზეა გაშლილი. კურორტი 2012 წელს ამოქმედდა. მაშინ იყო საუბარი, რომ ის 4-სეზონიან კურორტი იქნებოდა.
ავტორი: სოფო ქსოვრელი
commersant.ge