ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბექა ოდიშარია თაბორის მთაზე სასტუმრო კომპლექს „ხარფუხს“ აშენებს
23 იანვარი, 2019

რამდენიმე დღის წინ, თბილისის მერიის მთავრობის სხდომაზე საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“  დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა კახა კალაძისგან თაბორის მთაზე მიმდინარე მშენებლობასთან დაკავშირებით  განმარტების გაკეთება მოითხოვა. როგორც შეხვედრაზე ხაბეიშვილმა განაცხადა, მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა ოდიშარიამ საკუთარი საპარლამენტო მანდატი გამოიყენა იმისთვის, რომ ისტორიულ უბანში, თაბორის მთაზე მშენებლობის ნებართვა მიეღო და იქ მასშტაბური მშენებლობა დაეწყო.  ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, ოდიშარია თაბორზე ათი 21-სართულიანი კორპუსის აშენებას გეგმავს.

ლევან ხაბეიშვილის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადების დეტალების გასარკვევად „კომერსანტი“ „ქართული ოცნების“ დეპუტატს ბექა ოდიშარიას დავუკავშირდა, რომელმაც პირველი ვრცელი კომენტარი ისტორიულ უბანში დაგეგმილი მშენებლობასთან დაკავშირებით „კომერსანტთან“ გააკეთა.

მმართველი გუნდის წევრი აცხადებს, რომ თაბორის მთაზე, მის მფლობელობაში არსებულ 5300 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე, მშენებლობას ნამდვილად გეგმავს. თუმცა როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აცხადებს, კრწანისის რაიონში მდებარე ისტორიულ უბანში სასტუმრო კომპლექს „ხარფუხის“ აშენებს და არა ათ საცხოვრებელ კორპუსს, როგორც ეს ლევან ხაბეიშვილმა გააჟღერა.  ბექა ოდიშარია განმარტავს, რომ პროექტი  რამდენიმე ტეხილიან ერთ შენობას წარმოადგენს, რომელიც ძირითადად სამსართულიანია  და მხოლოდ ერთ ფლიგელში აღწევს ხუთ სართულიან ნიშნულს.

„5300კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განზრახული გვაქვს ერთი მრავალტეხილიანი შენობის აშენება, რომლის საერთო ფართი 8 ათასი კვ.მ-ია. რეალურად შენობა არის 3-სართულიანი და მხოლოდ ერთ ადგილას აღწევს 5 სართულს. ზოგიერთი პოპულისტი საქმის არ მცოდნე ადამიანებისგან კი მოხდა სასტუმროს ათ 21-სართულიან კორპუსად გასაღება. ისინი ფასადზე არსებულ დიზაინს ვერ ან შეგნებულად არ ასხვავებენ სართულების რაოდენობისგან. ეს არის ადამიანებისთვის მორიგი სიცრუის შეჩეჩების მცდელობა, რაც მათი მხრიდან ახალი არაა“,- განმარტავს ბექა ოდიშარია.

დეპუტატის დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ბერძნის ქუჩაზე არსებული მიწის ნაკვეთი  ბექა ოდიშარიამ 2012  წელს 3 284 000 დოლარად შეიძინა. აღნიშნული ნაკვეთი მმართველი გუნდის ლიდერის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედაა, სადაც იგი 2007 წლიდან ცხოვრობს. როგორც ოდიშარია გვიყვება აღნიშნულ ნაკვეთებზე მშენებლობის არანაირი შეზღუდვა არასოდეს არ არსებობდა. მისი თქმით, ეს ტერიტორია ყოველთვის საცხოვრებელ ზონას განეკუთვნებოდა.

„ცხოვრებაში არც ერთი კანონი არ დამირღვევია. მერიასთან მიმოწერაშიც ჩანს, რომ მიწის ნაკვეთებზე არანაირი შეზღუდვა არ ყოფილა და ამიტომ ვიყიდე. რაც შეეხება ლანდშაფტს, რაზეც ხაბეიშვილი აპელირებს, ტერიტორიაზე, რომელიც  ჩემს საკუთრებაშია და არა ის, რომელზეც იყო შემომდგარი ლანდშაფტი პირვანდელი სახით, გასული საუკუნის 80 იანი წლებიდან არ არსებობს. მიწა ამ ადგილას ისევე, როგორც მრავალ ათას კვ.მ- ზე, დედაქალაქში დიდი ხნის წინაა სახე შეცვლილი“.

ამის გადასამოწმებლად „კომერსანტმა“ მოიპოვა ალა პროზოროვას ისტორიულ არქიტექტურული კვლევა,  სადაც ვკითხულობთ, რომ თაბორის მთის დასახელებულ ტერიტორიაზე ახალი შენობის (ან შენობების კომპლექსის) აშენება დასაშვებია. თუმცა, არქიტექტორი დოკუმენტში წერს, რომ პროექტირების დროს ავტორებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ იმას, თუ როგორ გამოჩნდება ახალი განაშენიანება თაბორის მთის საერთო პანორამასთან კონტექსტში.


როგორც დეპუტატი აცხადებს, პროექტი, რომელიც თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა უნდა განიხილოს, ცნობილი ქართველი არქიტექტორის გიორგი ხმალაძის დაპროექტებულია და მასში ყველა მოთხოვნა გათვალისწინებულია.

„სასტუმრო „ხარფუხი“ არქიტექტორთა ჯგუფის  განზრახვით ძველ თბილისთან შესაბამისობაში მოსული თანამედროვე არქიტექტორული ნაგებობაა. და რაც მთავარია – ვფიქრობ, ნათელია, რომ ამდენი ხანი სწორედ იმიტომ დასჭირდა პროექტის შეთანხმებას, რომ როგორც ქალაქის მერიისათვის ერთის მხრივ, ისე ინვესტორისათვის და არქიტექტორთა ჯგუფისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ქალაქის ინტერესის დაცვა გახლდათ და ეს ტენდეცია თუ ქრონოლოგიურად გადავხედავთ პროცესს, ნათლად იკვეთება ურთიერთ თანამშრომლობისას მერიასთან და შესაბამისს საბჭოებთან, – განმარტავს ბექა ოდიშარია.

საკითხში გარკვევის მიზნით კომერსანტი ქალაქის მერიას დაუკავშირდა, სადაც აღნიშნეს, რომ თაბორის მთაზე ლანდშაფტის ზონა საცხოვრებელ ზონად 2011 წელს, გიგი უგულავას  მერობის პერიოდში შეიცვალა. როგორც პრესამსახურში განაცხადეს, ბერძნის ქუჩაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით საკითხის შესწავლა მიმდინარეობს. მათი თქმით, უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი ბექა ოდიშარია თბილისის მერიისგან მშენებლობის ნებართვას მიიღებს თუ ალტერნატიულ ფართს შესთავაზებენ.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.