თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი, 25 წლის გიორგი ლაცაბიძე მალე ბაზარზე მაყვლის ღვინოს გამოიტანს.
როგორც knews.ge წერს, ქართველმა სტუდენტმა 2017 წლის ზაფხულში მაყვლის ღვინო მცირე რაოდენობით დააყენა.
სტუდენტი სააგენტოსთან საუბრისას აღნიშნავს, რომ პროდუქცია გამორჩეულია სამკურნალო თვისებებით და ის დიდი პოპულარობით სარგებლობს.
„წელს ვაპირებ მაყვლის ღვინის წარმოების გაზრდას და შემდეგ გავყიდი კიდეც. მაყვლის ღვინო ყურძნის ღვინისგან არ განსხვავდება. მაყვალი გამორჩეულია თავისი არომატულობით, გამოირჩევა შაქრის მაღალი შემცველობით (15%), რაც გვაძლევს საშუალებას, რომ დავამზადოთ კენკროვანი ღვინო", - განუცხადა knews.ge–ს გიორგი ლაცაბიძემ.
გიორგი ლაცაბიძე „სამმაგი გვირგვინის“ ჯიშის უეკლო მაყვალი და სანანდრეასის ჯიშის მარწყვი 2012 წლიდან მოჰყავს.
გიორგის უეკლო მაყვალისა და ესპანური ჯიშის მარწყვის პლანტაციები თელავის რაიონის სოფელ კისისხევში, ნახევარ ჰექტარზე 1500 ძირი მაყვალი აქვს გაშენებული.
„გიგანტური უეკლო მაყვალი ველურ მაყვალზე ადრე შემოდის. მოსავლის აღება ივნისში იწყება და აგვისტოს ბოლომდე გრძელდება. ამ ჯიშის მაყვლის ერთი მარცვლის საშუალო წონა 15–20 გრამია“, - ამბობს გიორგი.
მეწარმის ინფორმაციით, ევროკავშირისა და რუსეთის ბაზარზე მაყვალზე დიდი მოთხოვნაა, ამიტომ გიორგი მაყვლის ბაღების გაფართოებასა და წარმოების გაზრდას გეგმავს.
www.travelingeorgia.ge