ბათუმის მუნიციპალიტეტი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) „მწვანე ქალაქის გეგმის“ შემუშავებას იწყებენ. შედეგად ბათუმი EBRD-ის მწვანე ქალაქების ჩარჩო პროგრამაში ჩაერთვება.
„ქალაქის მასშტაბით სწრაფი ტემპით მიმდინარეობს სხვადასხვა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი. მშენებლობების პარალელურად, ჩვენს წინაშე გამოწვევად გარემოს დაცვის საკითხები დგას. მნიშვნელოვანია, რომ ქალაქის განვითარების პროცესში დროულად მივაქციოთ ყურადღება გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს, რათა არ მივიღოთ ერთი მხრივ, ინფრასტრუქტურული განვითარება, მეორე მხრივ კი სავალალო შედეგები გარემოს დაცვის კუთხით. ჩვენ შევიმუშავეთ 2018-2021 წწ-ის სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომელშიც თავისი ადგილი უჭირავს გარემოს დაცვის საკითხებს. პროექტი წარმოადგენს დეტალურ გზამკვლევს, რომელიც საფუძვლად დაედება შემდგომში პროექტებს, მათ შემუშავებასა და განხორციელებას. იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ დონორი კომპანიები შემდგომ ეტაპებზეც ჩაგვერთვებიან, როგორც პროექტის განხორციელების, ასევე დაფინანსების მიმართულებით“ – განაცხადა შეხვედრაზე ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ.
ბათუმის მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმა განიხილავს გარემოს პირობებზე მოქმედ სექტორებს. მათ შორის, ტრანსპორტს, ენერგეტიკას, ინდუსტრიას, მიწათსარგებლობას, ნარჩენების, წყლის მართვასა და სხვა. „მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმა“ წარმოადგენს ჩარჩო პროგრამის მთავარ ინსტრუმენტს, რომელიც ეხმარება ქალაქებს, ჩამოაყალიბონ თავიანთი მდგრადი განვითარების ხედვები და სტრატეგიული მიზნები; ასევე სამოქმედო ღონისძიებები და საინვესტიციო პროექტები, რაც დაეხმარება გარემოსდაცვითი საკითხების გადაწყვეტაში. EBRD-ის მწვანე ქალაქების ჩარჩო პროგრამა წარმოადგენს მწვანე ურბანული განვითარების სრულფასოვან ბიზნესმოდელს, სადაც, სტრატეგიულ დაგეგმვასთან ერთად, ასევე გათვალისწინებულია ინვესტირება და ტექნიკური დახმარება. „მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმის“ ოფიციალური გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
www.travelingeorgia.ge