ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ბაგრატ მეზურნიშვილის საავტორო ყველი ,,ჭყვიტი“ საცალო ქსელში შედის
11 თებერვალი, 2019

ბაგრატ მეზურნიშვილის საავტორო ყველი ,,ჭყვიტი“ მომავალი კვირიდან საცალო ქსელში შევა. როგორც მეწარმემ Bm.ge-ს განუცხადა, ამ კვირაში მის საწარმოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ,,აღიარების კოდი“ მიანიჭა, რაც მას საკუთარი ნაწარმის დისტრიბუციის უფლებას აძლევს.

შეგახსენებთ, რომ ბაგრატ მეზურნიშვილი ,,ჭყვიტის“ ბრენდის ქვეშ 27 სახეობის ყველს ამზადებს, რომელის რეცეპტურაც თავად შეიმუშავა. ეს არის დაობებული ყველი სხვადასხვა გემოებითა და არომატებით. 

,,აქამდე მქონდა დროებითი კოდი, გავიარე არაერთი შემოწმება და ამიერიდან უფლება მაქვს ჩემი ყველი მაღაზიებში გავყიდო. პროდუქციას ძირითადად ტურისტულ ობიექტებში შევიტან, ღვინის მაღაზიებსა და ბარებში, კაფეებში, თბილისში მდებარე ყველის სახლებში. ხელშეკრულებას ვაფორმებ სადისტრიბუციო კომპანიასთან, რომელიც ჩემი ნაწარმის რეალიზაციას განახორციელებს“ – განაცხადა მეზურნიშვილმა. 

მეწარმე ჭყვიტის დასახელებით ყველს რამდენიმე წელია აწარმოებს, თუმცა მას აქამდე ძირითადად საკუთარ მაღაზიაში, ფესტივალებზე და პირადი კონტაქტებით ყიდდა, ამიერიდან კი რეალიზაციის უფლება ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტში ექნება. 

მცირე საწარმო დღეში საშუალოდ 10 კილოგრამ ყველს ამზადებდა, თუმცა ამიერიდან წარმოებას გააორმაგებს და თვეში 600 კილოგრამს დაამზადებს. 

,, ეს საკმაოდ რთული ტექნოლოგიური პროცესია, მის დაძველებას ოთხიდან ექვს თვემდე პერიოდი სჭირდება, ამიტომ დიდი მოცულობებზე ისედაც ვერ გავალ. ერთი სახეობის პროდუქტი მეორესგან გემოთი, შემადგენლობით, ფორმით, ვიზუალით განსხვავდება. პროდუქტი შეზავებულია ღვინით, კაკაოთი, ნივრით, ზაფრანით და სხვა ინგრედიენტებით. ვამზადებ ასევე მძაფრი გემოების ყველს, რომელიც ცნობილია როგორც ,,სტინკი“, ანუ დამპალი-აყროლებული ყველის სახელწოდებით. მისი მომხმარბლები ძირითადად ევროპელები არიან, როდესაც ფრანგი, იტალიელი და გერმანელი ტურისტები მოდიან, ეგრევე ამ სახეობას კითხულობენ; ევროპაში ამ ტიპის ყველის ფასი 300 ევროდან იწყება” – განაცხადა მეზურნიშვილმა. 

სამომავლოდ მეწარმე ,,ჭყვიტის“ ექსპორტზე გატანასაც გეგმავს, რადგან საქართველოში მისი პროდუქციის ძირითადი მომხმარებლები უცხოელი ტურისტები არიან. 

,,ჭყვიტის“ სადისტრიბუციო ფასი 100-დან 120 ლარამდეა.

www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.