ახმეტაში სასტუმრო კომპლექს „ბახტრიონი რიზორთის“ მშენებლობისთვის უახლოეს მომავალში პირობითი აუქციონი გამოცხადდება. ამის შესახებ „კომერსანტს“ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ვანო ნასყიდაშვილმა განუცხადა. მისი ინფორმაციით ,ამ დროისთვის პროექტი ახმეტის საკრებულოსგან პროექტისთვის საჭირო 3 ჰექტარი მიწის ნაკვეთის გასხვისებაზე თანხმობას ელოდება.
ნასყიდაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული მიწის ნაკვეთი ამ დროისთვის სახელმწიფოს ბალანსზეა. საკრებულოს თანხმობის შემდეგ კი გამოცხადდება პირობითი აუქციონი, რომელში გამარჯვებულიც პროექტს განახორციელებს.
„ჩვენის მხრიდან მიწა უკვე ცალკე კოდადაა დარეგისტრირებული.“-აცხადებს ნასყიდაშვილი.
როგორც ცნობილია, აქამდე პროექტის განმახორციელებელი სამშენებლო კომპანია White Group-ი იყო. კითხვაზე, თუ რატომ აღარ განახორციელებს აღნიშნული კომპანია „ბახტრიონი რიზორთის“ პროექტს, ნასყიდაშვილი განმარტავს, რომ სასტუმრო, დასასვენებელ კომპლექსს ის განახორციელებს, ვინც აუქციონის პირობებს დააკმაყოფილებს. „White Group-ი იქნება თუ სხვა, არ ვიცი“-აცხადებს ნასყიდაშვილი.
რაც შეეხება იმას, შეიცვლება თუ არა „ბახტრიონი რიზორთის“ არსებული პროექტი, ნასყიდაშვილი აცხადებს, რომ არ შეიცვლება დანიშნულება, პროექტი კი აუცილებლად შეიცვლება.
რატომ ვერ განახორციელა სამშენებლო კომპანია White Group-მა „ბახტრიონი რიზორთის“ პროექტი და რა მიზეზით ცხადდება ახალი პირობიანი აუქციონი, ამ კითხვაზე პასუხი „კომერსანტმა“ ახმეტის მუნიციპალიტეტისგან და ვერ მიიღო. White Group-ის დირექტორი, გიორგი გონჯილაშვილი კი მცირე კომენტარით შემოფარგლება და აცხადებს, რომ პროექტის ირგვლივ დეტალებზე დაახლოებით ერთ კვირაში ისაუბრებს.
„ბახტრიონ რიზორთის“ განვითარებასთან დაკავშირებით „კომერსანტი“ არაერთხელ წერდა. პროექტის განმახორციელებელი სამშენებლო კომპანიის White Group-ის დირექტორის, გიორგი გონჯილაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებდა, რომ ახმეტაში მრავალმილიონიანი პროექტის განხორციელებაზე, რომლის ფარგლებშიც სასტუმრო კომპლექსი „ბახტრიონი რიზორთი“უნდა აშენებულიყო, გამგეობის მხრიდან შექმნილი პრობლემების გამო 2015 წლის ოქტომბრიდან შეჩერებულია. შექმნილი გაუგებრობების გამო ბოლო პერიოდში პროექტზე უკვე ინვესტორების სამმა ჯგუფმა, მათ შორის ფრანგულმა „აკორი ჯგუფმა, თქვა უარი.
რაც შეეხება ინვესტიციას, თავდაპირველად ნათქვამი იყო, რომ ახმეტაში „ბახტრიონი რიზორთის განვითარებაზე 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო, თუმცა, შემდეგ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით,ინვესტიციის ოდენობა გაორმაგდა.
სამშენებლო კომპანია White Group ახმეტაში სასტუმრო კომპლექს „ბახტრიონი რიზორთის მშენებლობას, პრივატიზაციის მოთხოვნაზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის უარის გამო 2015 წლიდან ვერ ახერხებს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის კურსში იყო ეკონომიკის სამინისტროც.
ავტორი: სოფო ქსოვრელი
commersant.ge