კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში სასტუმრო „ახაშენი ღვინის კურორტი“ გაიხსნა. სასტუმროში კომპანია „კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ“ (KTW) 7,5 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.
კომპანიამ სასტუმრო პროგრამა - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ფარგლებში არსებული პროგრამისა და „საქართველოს ბანკის“ თანადაფინანსებით გახსნა.

სასტუმრო ადაპტირებულია შშმ პირთათვის.
„ახაშენი ღვინის კურორტი“ ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებში ქართული ღვინის უძველეს, 8 000–წლოვან ისტორიას გაუწევს პოპულარიზაციას.
„ინვესტიციის შედეგად შეიქმნა ათეულობით ახალი სამუშაო ადგილი, მაგრამ გვერდითი ეფექტები ამ ინვესტიციებისა გაცილებით უფრო დიდია,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო „ახაშენი ღვინის კურორტის“ გახსნაზე.
მისივე თქმით, ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია, გასული წლის განმავლობაში საქართველოში ტურისტების რიცხვი 28%-ით გაიზარდა და არსებობს პოტენციალი, რომ 2025 წლამდე არსებული მონაცემები გასამმაგდეს, რაც ქვეყნის კეთილდღეობაზე აისახება - გაუმჯობესდება ცხოვრების დონე და შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები.
„სასიხარულოა, რომ კახეთში ტურიზმი გადადის თვისობრივად ახალ განზომილებაში. მოთხოვნა ასეთი ტიპის სასტუმრო კომპლექსებზე ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება, ტურისტების რაოდენობის გაზრდა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მართლაც და სრულიად სხვა ცხოვრების დონე მივიღოთ საქართველოში, მნიშვნელოვნად გაიზარდოს დასაქმების დონე და ქვეყნის ვიზუალური სახეც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს,“-აღნიშნა პრემიერმა.
www.travelingeorgia.ge