ახალი ტურისტული პროდუქტების განვითარებისთვის - ბრიტანელმა მარკეტოლოგმა თბილისში სემინარი ჩაატარა
როგორ შევქმნათ ახალი ტურისტული პროდუქტი და როგორ გავყიდოთ ის წარმატებით - ასეთი იყო ერთდღიანი სემინარის მიზანი, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტ Zrda-ს ინიციატივით და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის გაიმართა.
სემინარს უძღვებოდა ცნობილი ბრიტანელი მარკეტოლოგი ჯეკ დელფი, რომელსაც მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება აქვს ევროპის ქვეყნებში ტურიზმის განვითარების და ახალი ტურისტული პროდუქტების განვითარების კუთხით.
სემინარი მოიცავდა ტურისტული ბაზრის განვითარებისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა ბაზრის, მოთხოვნისა და მომხმარებლის განსაზღვრა; ბრენდი, ტრენდები და კონკურენცია; სოფლის, აგრო, სათავგადასავლო და ღვინის ტურიზმი და სოფლისა და მეწარმეთა ჩართულობის მნიშვნელობა; პროდუქტის წარმოება და ა. შ.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და USAID-ის პროექტი Zrda ერთობლივად მუშაობს ტურიზმის განვითარების, ტურისტული პროდუქტების, ახალი ტურისტული მარშრუტებისა და ღირშესანიშნავი ადგილების პოპულარიზაციის მიზნით. ამ თანამშრომლობის მიზანია ტურიზმის სფეროში მომუშავე კომპანიების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოვება.
Zrda-ს პროექტი ხუთწლიანი პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას საქართველოს ხუთი რეგიონის 81 თემში. პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მეურნეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნესკავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით.
www.travelingeorgia.ge