ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"ახალი კანონი ტურიზმის შესახებ არათანაბარ პირობებში აყენებს ქართველ და უცხოელ ტუროპერატორებს"
22 ნოემბერი, 2023

20 ნოებერს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს კანონპროექტი „ტურიზმის შესახებ.“

აღნიშნული კანონპროექტის მიმოხილვას Travel in Georgia-ს დამფუძნებელი - გიორგი კვეზერელი, აკეთებს:

საქართველოში და, ზოგადად მსოფლიოში, ტურიზმის განვითარების პოლიტიკის განსაზღვრისას უპირველეს ამოცანას  დარგის საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა წარმოადგენს, ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში კი მნიშვნელოვანია ევროკავშირის დირექტივების გათვალისწინება და აღნიშნული საკანონმდებლო ბაზის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზება.

ტურიზმის პოლიტიკა თანხვედრაში უნდა იყოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარების კონცეფციასთან, იყოს თანმინდევრული და პრიორიტეტებზე ორიენტირებული და ყოველივე ეს  მოკლე- და გრძელვადიანი სტრატეგიით განისაზღვროს.

ყოველწლიურად ქვეყნის მშპ- ში ტურიზმის წილი იზრდება,  ტურიზმის პოლიტიკის ხარისხობრივი განვითარება კი კიდევ უფრო მეტად მისცემს ხელს ტურიზმის ინდუსტრიაში შემოსავლების ზრდას, ხარისხისა და სერვისების განვითარებას.

დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული რედაქციით კანონი შინაარსობრივად ნამდვილად იცავს ტურისტის (მომხმარებლის) უფლებებს,  ბიზნესს კი გარკვეულწილად  ხელოვნურ პრობლემასა და რისკებს უქმნის,  რომ შესაძლოა არაკეთილსინდისიერმა ტურისტმა თავისი უფლება ბოროტად გამოიყენოს და ამ დროსაც ზარალდება მხოლოდ სერვისის მიმწოდებელი.

მეორეს მხრივ, აღნიშნული კანონპროექტი ნაწილობრივ აძლევს ხელს  არაკეთილსინდისიერი ტურისტული კომპანიების არსებობას, თუმცა არ ითვალისწინებს ისეთი მექანიზმის შექმნას, რაც გამორიცხავს არასანდო კომპანიების ოპერირებას ბაზარზე და მნიშვნელოვანია, ამ ნაწილში შეიქმნას ისეთი მოდელი, რომელიც ამ რისკებს მინიმუმადე შეამცირებს. კანონის აღსრულების ნაწილში ასევე მნიშვნელოვანია აღმასრულებლის როლი და საქმიანობის დეტალური აღწერა.

ტუროპერატორის კანონპროექტის 29-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების მიხედვით, ტუროპერატორმა  ტურისტულ ადმინისტრაციას უნდა წარუდგინოს  პაკეტების დაგეგმილი წლიური გაყიდვების არანაკლებ 7%-ისა, მაგრამ არანაკლებ 30 000 ლარისა,  რაზეც ითქვა, რომ ეს გახლავთ ევროკავშირის დირექტივა, თუმცა ამ უკანასკნელში არ არის მოცემული ტურის ღირებულების პროცენტული მაჩვენებელი ან თუნდაც ფიქსირებული თანხა. ევროკავშირის დირექტივაში საუბარია რისკების დაზღვევაზე, რაც, ძალიან მარტივად შესაძლებელია, სადაზღვევო კომპანიების კომპეტენციის ნაწილი გახდეს და მან დააზღვიოს როგორც ტურისტი, ისე სერვისის მიმწოდებელი.

ვრცლად ევროკავშირის დირექტივა იხილეთ აქ:

კანონპროექტის 29-ე მუხლის გათვალისწინებით, შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს მცირე ტურისტული ორგანიზაციების საქმიანობა და არა მხოლოდ მათი - ზოგადად ტურისტული სერვისების მიმწოდებლების, მცირე და საშუალო ბიზნესის, ფიზიკურ პირების, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი სხვადასხვა საქმიანობებში, იქნება ეს ცხენების, ნავების,  გაქირავება, ჯომარდობა, მასტერკლასები, რომლებიც პატარა ჯგუფებზე არიან ორიენტირებულნი,  10 ნომერზე ნაკლები საოჯახო სასტუმროები, რომელიც პარალელურად სთავაზობენ სხვადასხვა სერვისებს და ა.შ. მათ ნაცვლად შესაძლოა განვითარდეს მსხვილი და მონოპოლიური მიზნების მქონე ბიზნესები, რაც შეიძლება აღიქვას მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეშლად, რის გამოც წლების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა აღიშნული კანონპროექტის დამტკიცება.

ახალი კანონპროექტით გათვალსიწინებული ვალდებულების უზრუნველყოფა არათანაბარ პირობებში აყენებს ქართველ და უცხოელ ტუროპერატორებს, რადგან უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა უცხოური ტურისტული კომპანიების ვალდებულების უზუნველსაყოფად დაწესესებულიყო თანხის სხვა ოდენობა, მაგალითად 10-ჯერ მეტი, ვიდრე საქართველოს ტურისტული ბიზნესის რეალობაზე მორგებული 30 000 ლარია, რაც ძალიან ბევრი მეწარმე სუბიექტისთვის იქნება რთული გადასახდელი, ვიდრე უცხოელი ტუროპერატორისთვის 10 000$.

ამ ნაწილში ძალიან  მარტივად შეიძლება ამ პრობლემის გადაწყვეტა, შესაძლოა კანონის საფუძველზე უცხოურ ტუროპერატორებს დავაკისროთ საქართველოში რეგისტრირებულ ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობის ვალდებულება, რაც რეალურად ხელს მისცემს ქართული კომპანიების გაძლიერებას.

საბოლოოდ, ამ რედაქციით კანონპროექტის მიღება მძიმედ აისახება ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართულ ასეულობით ადამიანზე, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, კანონპროექტის მიღებამდე გაიმართოს კიდევ რამდენიმე საკომიტეტო შეხვედრა და დამტკიცდეს მხოლოდ საბოოლოო კონსესუსის შემდეგ.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.