2017 წელს საავიაციო სექტორი მკვეთრად გააქტიურდა - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში ავიაკომპანია „ატლასგლობალის“ გენერალურმა დირექტორმა თამუნა თანდაშვილმა ისაუბრა. მანვე 2017 წელი საავიაციო ბაზარი ბიზნესის კუთხით შეაფასა.
„ყველა მოვლენა, რომელიც 2017 წელს უკავშირდება უნდა დავიწყოთ ვიზალიბერალიზაციით, რის შემდეგაც საავიაციო სექტორი მკვეთრად გააქტიურდა როგორც საერთაშორისო მასშტაბით, ასევე ლოკალურად. ქვეყანაში შემოვიდნენ ახალი საერთაშორისო ავიაკომპანიები, რაც ტურიზმის განვითარების პირდაპირ პროპორციულია. კონკურენცია იზრდება ავიაკომპანიებს შორის. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ საერთაშორისო ტენდენციები, 2017 წელს მთელ მსოფლიოში მნიშვნელოვანი იყო ბილეთის ფასი და დრო, რამდენად მოქნილები იყვნენ ავიაკომპანიები შეეთავაზებინათ სხვადასხვა ბაზრისთვის მცირე დრო. ამ მიმართულებით ავიაკომპანია „ატლასგლობალმა“ გაითვალისწინა მომხმარებლების ინტერესი, თქვა, რომ საქართველო არის მნიშვნელოვანი და საინტერესო, ამიტომ კამპანიებმაც ორიენტაცია აიღეს საქართელოზე“,— განაცხადა თამუნა თანდაშვილმა.
მისივე თქმით ლარის კურსის ცვლილებამ საავიაციო ბაზარზე გავლენა ვერ მოახდინა.
„2016 წელს რომ შევადაროთ, ჩვენმა კომპანიამ 2017 წელი 38%-იანი ზრდით დაასრულა. ბაზრის წილზეც, რომ ვისაუბროთ, „ატლასგლობალი“ ყოველდღიურად ახორციელებს რეისებს თურქეთის მიმართულებით და აქ არის სამი მოთამაშე ჯამში, თურქეთის მიმართულებით გვაქვს 75%-იანი ზრდა. თურქეთი კვლავ რჩება ძირთად მიმართულებად და ეს ის ურთიერთობებია, რაზეც ვალუტის ცვლილება გავლენას ვერ მოახდენს. თურქეთი ყველაზე დიდი ინვესტორია, აქედან გამომდინარე თურქეთს ირჩევს საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 56%, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ამან მოახდინა გავლენა იმაზე, რომ ლარის კურსმა არ იმოქმედა გაყიდვებზე ისე, როგორც შეეძლო მოეხდინა“, — აცხადებს „ატლასგლობალის“ გენერალური დირექტორი.
მისივე თქმით, თურქეთში ტურისტული თვალსაზრისით საქართველოზე ინტერესი დაბალია, ამიტომ, აუცილებელია, რომ ქართულმა ტურისტულმა კომპანიებმა ამ მიმართულებას სერიოზული ყურადღება მიაქციონ.
„ქართულმა კომპანიებმა თურქი ტურისტების მოზიდვაზე უნდა იზრუნონ. თურქეთი 80 მილიონიანი ქვეყანაა, რომელიც არ არის აქტიური საქართველოს ათვისებაში. ორი მნიშნელოვანი ფაქტორია - თურქეთი თავის თავს აპოზიციონირებს, როგორც ყველაზე მიმზიდველი ტურისტული ქვეყანა და აქვს ძალიან კარგი სტრატეგია შიდა ტურიზმის განვითარებისთვის. ისინი ცდილობენ საკუთარი მოქალაქეები თურქეთშივე ამოგზაურონ. თურქები თბილისში არ ჩამოდიან როგორც ტურისტები. თურქული ბაზრისთვის საინტერესოა ბათუმი, არსებული ინფრასტრუქტურით და სათამაშო ბიზნესით. აქედან გამომდინარე თბილისი კარგავს ამ ტურისტებს, რომლებიც უნდა ჩამოდიოდნენ. ამასთან, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით ჩვენ კონკურენციას ვერ ვუწევთ სტამბულს, ჩვენთან სასტუმროების ფასი არის მაღალი. კონკურენცია შეგვიძლია გავუწიოთ შაბათ-კვირის ტურებში“, — განაცხადა თამუნა თანდაშვილმა.
commersant.ge