კომპანია ასტორია თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის შენობაში სასტუმროს მშენებლობაში 10 მლნ დოლარს ჩადებს.
შენობა, რომელიც თბილისში, ჭონქაძის ქუჩა N21-ში მდებარეობს, ასტორიამ აუქციონზე 12 505 000 ლარად, მაღალი კონკურენციის პირობებში, 861 ბიჯის შედეგად შეიძინა.
აუქციონი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტომ პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში გამოაცხადა. აუქციონის პირობების მიხედვით, ინვესტორმა არანაკლებ 80 ნომრიანი სასტუმრო უნდა ააშენოს.
როგორც ცნობილია, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ინვესტორებს სთავაზობს პროექტს „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“, რომელიც მოიცავს ტურისტულად ყველაზე აქტიურ რეგიონებში მდებარე სახელმწიფო ქონების შეთავაზებას სასტუმრო-ინფრასტრუქტურის მოსაწყობად.
სააგენტოში ამბობენ, რომ პროექტის განხორციელება განაპირობა ბოლო დროს დაფიქსირებულმა ტურისტული ნაკადების ზრდამ კიდევ უფრო საჭირო გახადა ქვეყანაში შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. სააგენტოს ცნობით, პროექტი წარმატებით მიმდინარეობს და დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით გაყიდულია 26 895 501 ლარის უძრავი ქონება, ხოლო სასტუმროების ასაშენებლად განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა არანაკლებ 59 200 000 ლარს შეადგენს.
ავტორი: მაია დემეტრაშვილი
www.travelingeorgia.ge