„აირზენას“ დამფუძნებელი თბილისში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობის დაწყებას ვერ ახერხებს
ბიზნესმენი თამაზ გაიაშვილი თბილისში 5–ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობის დაწყებას თბილისის მერიის გამო ვერ ახერხებს. ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას თავად ბიზნესმენმა განაცხადა. საუბარია, რუსთაველის 12 ნომერში საერთაშორისო ბრენდ Four Seasons Hotel Georgia-ს ბრენდით სასტუმროს მშენებლობაზე.
გაიაშვილის განცხადებით, სამშენებლო-არქიტექტურული პროექტი 9 წლის განმავლობაში ვერ დამტკიცდა. მისი მტკიცებით, პროცესი ნელა მიმდინარეობს. „მას შემდეგ, რაც პროექტი მერიაში დამტკიცდება, საერთაშორისო ბრენდ Four Seasons-ს წარედგინება და უკვე ამის შემდეგ გადაწყდება, დამტკიცებულ პროექტს განახორციელებს თუ არა დასახელებული კომპანია“-აცხადებს გაიაშვილი.
როგორც ცნობილია, პროექტის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 70 მილიონი დოლარია.
”დაინგრევა შენობა, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, უკვე დიდი ხანია დასანგრევია. მის ნაცვლად, აშენდება თანამედროვე სტანდარტების მქონე, 5–ვარსკვლავიანი სასტუმრო Four Seasons Hotel Georgia”, – ნათქვამი იყო 2015 წელს სასტუმროს ფეისბუქის გვერდზე. მაშინ ითქვა, რომ მშენებლობას კომპანია Shin Takamatsu Architect & Associates Co განახორციელებდა.
Four Seasons Hotels and Resorts მსოფლიო ბრენდია, რომლის სასტუმროები წარმოდგენილია : ამერიკაში, იტალიაში, ინგლისში, რუსეთში, აზერბაიჯანში და სხვა ქვეყნებში.

ავტორი: სოფო ქსოვრელი
commersant.ge