თბილისის ისტორიულ უბანში, დავით აღამაშენებლის გამზირისა და თამარ მეფის ხიდის კვეთაზე, მდინარე მტკვრის პირას გენერალ კვინიტაძის ქუჩა 8 -ში The Grove Design Hotel 9 ივნისს გაიხსნა და მას შემდგომ ის ვიზიტორებს აქტიურად იღებს.
როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას The Grove Design Hotel-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორი თამარ დოლიძე აცხადებს, სასტუმროს სახელი ფასადის წინ „კვიპაროსის“ ხეების განლაგებას უკავშირდება, რომელიც არქიტექტურული კომპოზიციის განუყოფელი ნაწილი გახდა. თაღისა და ორი ვიწრო კოშკისაგან შემდგარი ნაგებობა უნიკალურ და დინამიურ მოცულობას ქმნის. სასტუმრო განსხვავებული კონცეფციისა და დიზაინისაა, სწორედ ეს გამოარჩევს მას ბაზარზე არსებული სხვა სასტუმროებისგან.

„სასტუმრო „Grove“ თანამედროვე თბილისის სახეა. ეს არის ბუტიკის ტიპის 39 ოთახიანი სასტუმრო ექვსი განსხვავებული კატეგორიის ოთახით, ახალი და განსხვავებული დიზაინით. სასტუმროს თითოეული ოთახი თავისი მარტივი დეტალით ერთდროულად კომფორტულსა და გამორჩეული დიზაინის გარემოს ქმნის.
The Grove Design Hotel გახსნის დღიდან ვითარდება და ჩვენ მიმართ ინტერესი დღითიდღე იზრდება, როგორც სასტუმროს მომსახურების მხრივ ასევე რესტორნის მიმართულებით. რესტორანი „კვიპაროსი“ (The Cypress Restaurant ) სასტუმროს განუყოფელი ნაწილია, სადაც ევროპული კერძების დაგემოვნებას შეძლებთ. რესტორანში ფასები საშუალო და მაღალშემოსავლიან სეგმენტზეა გათვლილი.

კეთილგანწყობილი მომსახურე პერსონალის გარდა ეს ადგილი თბილისის სხვა რესტორნებისგან ასევე გამოირჩევა იმით, რომ აქ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი ექსკლუზიური სასმელებია წარმოდგენილი. The Cypress Bar ქალაქში ყველაზე ფართო ვისკის ასორტიმენტითაა ცნობილი. გარდა რესტორნისა, ჩვენთან არის ღია ტერასა, ლაუნჯი და ბიზნეს ოთახი, რომელიც გთავაზობთ ყველაფერს, რაც გჭირდებათ როგორც პირადი, ასევე საქმიანი შეხვედრებისათვის“, - განმარტა თამარ დოლიძემ.
სასტუმროს მშენებლობაში ინვესტიციის სახით 12 მლ-ნი ლარი ჩაიდო და ის 2000 მ²-ზეა განთავსებული. ქართული ინვესტივციის გარდა სასტუმროს არქიტექტურა და დიზაინიც ქართულ კომპანია ლაბორატორია #3-ს ეკუთვნის. სასტუმროს მომსახურე პერსონალის უნიფორმა და აქსესუარები ქართველი დიზაინერების ნამუშევარია.

„სასტუმრო 100%-ით უცხოელ ვიზიტორებზეა მორგებული, ანუ მის ძირითად სეგმენტს სწორედ უცხოელები წარმოადგენენ. რესტორანი „კვიპაროსი“ კი მრავალფეროვანი კერძების ასორტიმენტითა და უგემრიელესი კერძებით თბილისელების საყვარელი ადგილი გახდა. ვმასპინძლობთ და ვმართავთ სხვადასხვა ღონისძიებებსა თუ პრეზენტაციებს. აქტიურად ვთანანშრომლობთ თეატრებთან, ფესტივალებთან, საქართველოში აკრედიტირებულ სავაჭრო პალატებთან, საელჩოებთან და ვცდილობთ, რომ ჩვენი სასტუმრო კულტურისა და ხელოვნების კერა იყოს“, - აღნიშნა „კომერსანტთან“ საუბრისას თამარ დოლიძემ.

commersant.ge