ავიაკომპანია Jazeera Airways-მა თბილისი ზაფხულის სამოგზურო მიმართულებად დაასახელა.
ქუვეითის დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას 13 ივნისიდან იწყებს.
"ტურისტებისთვის პოპულარული მიმართულებით ჩვენ ახალ რეისებს ვამატებთ. თბილისი მიმზიდველი ქალაქია, შესანიშნავი არქიტექტურით. ეს არის მრავალფეროვანი და უნიკალური კულტურული ქალაქი, სადაც ქუვეთიდან ჩამოსული მოგზაურები დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ აღმოჩნდებიან. ეს ახალი ავიარეისი თბილისსა და ქუვეითს ერთმანეთს აკავშირებს, პარალელურად დაკავშირება ხდება ეგვიპტესთან, საუდის არაბეთთან, დუბაისთან და ინდოეთთან," - განაცხადა ავიაკომპანია Jazeera Airways-ის აღმასრულებელმა დირექტორმა როჰით რამაჩანდრამ.
ავიაკომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ავიარეისები კვირაში სამჯერ შესრულდება.
ავიაკომპანიის ქართულ საავიაციო ბაზარზე შემოსვლას მიესალმება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე.
"მოხარულები ვართ "Jazeera Airways:-ის ქართულ ბაზარზე შემოსვლით. სპარსეთის ყურის რეგიონი და ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრი ქვეყნები ჩვენს პრიორიტეტულ ტურისტულ ბაზრებს წარმოადგენენ. ეს არის სწრაფად მზარდი ტურისტული ბაზარი. ერთობლივი მარკეტინგული კამპანიების ჩასატარებლად და ქუვეითში საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით ჩვენი გუნდი "Jazeera Airways"-სთან ერთად მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს. ავიაკომპანიას წარმატებას ვუსურვებ და ველით ნაყოფიერ თანამშრომლობას."
www.travelingeorgia.ge