მსოფლიო ლიდერი სანავიგაციო კომპანიების TomTom-ისა თუ Google-ის ელექტრონული რუკების მობილურ და ვებ აპლიკაციებში, ავტომობილების ბორტ კომპიუტერებსა და სხვა სანავიგაციო სისტემებში ქუთაისის შესახებ დეტალური მონაცემები გაჩნდება.
ნავიგაციის პროექტის ფარგლებში ქუთაისში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საველე-აღწერით სამუშაოებს იწყებს.
აღიწერება ყველა გეოგრაფიული მონაცემი: გზები, ტრანსპორტის მარშრუტები, საგზაო მოძრაობის მარეგულირებელი ნიშნები, გადასასვლელები, ველო ტერმინალები, ბენზინგასამართ სადგურები, კულტურული, რეკრეაციული და ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ობიექტები.
გეოგრაფიულ მონაცემებს სააგენტო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დაამუშავებს და ეროვნული სანავიგაციო სისტემის შესაქმნელად გამოიყენებს.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, სანავიგაციო სისტემებსა და ციფრულ რუკებზე გამოსახული ინტერესის ობიექტები ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის გაცილებით ცნობადი და იოლად მოსაძებნი გახდება, რაც ქვეყნის პოპულარიზაციას, ტურიზმის განვითარებას და ადგილობრივ ბიზნესს შეუწყობს ხელს, ვინაიდან, ეროვნული სანავიგაციო სისტემა ნებისმიერ მომხმარებელს გაუადვილებს ინფორმაციის მოძიებას, ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებას და დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი ოპტიმალური მარშრუტის შერჩევას.
ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნისა და განვითარების პროექტზე მუშაობა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წელს დაიწყო. ამ ეტაპზე დასრულებულია: შავი ზღვის სანაპირო ზოლის, შიდა ქართლის და ქვემო ქართლის მსხვილი დასახლებული პუნქტების, ასევე, შიდასაქალაქო და მაგისტრალური საავტომობილო გზების გარკვეული მონაკვეთების საველე აღწერა. სულ აღწერილია: 1 578 კმ2 არეალი, 66 413 ინტერესის ობიექტი, 42 322 საგზაო ნიშანი, საველოსიპედო ბილიკი - 49 კმ და 7 292 კმ გზათა ქსელი.
www.travelingeorgia.ge