უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტიდან გადის. ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში ადასტურებენ და ამბობენ, რომ ჯერჯერობით უცნობია, რატომ გადაწყვიტა უკრაინულმა ავიაკომპანიამ ქუთაისის აეროპორტში ოპერირების შეწყვეტა.
„გიდასტურებთ, რომ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებს სურს ოპერირების შეწყვეტა, თუმცა რა არის ამის მიზეზი ამ ეტაპზე ვერ გეტყვით. იგეგმება შეხვედრა, სადაც ავიაკომპანიისა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლები განიხილავენ მიზეზებს, თუ რატომ ტოვებს აეროპორტს უკრაინული ავიაკომპანია" , - განუცხადა Myrest–ს მარიკა ზაუტაშვილმა.
რაც შეეხება Fly Uia - ს პოზიციას, კომპანიის წარმომადგენელი, ლალი ბეშკენაძე, MyRest.Ge - სთან საუბარისას მიზეზების დასახელებისგან თავს იკავებს.
„რატომ მიიღო ავიაკომპანიამ ეს გადაწყვეტილება, ჩემთვის უცნობია. არ ვიცი დეტალები და შესაბამისად, კომენტარს ვერ გავაკეთებ" , - აცხადებს ლალი ბეშკენაძე.
აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანიამ ივლისის თვის ფრენები უკვე გააუქმა. რა ბედი ელით მგზავრებს, რომლებსაც წინასწარ ჰქონდათ ბილეთები შეძენილი, უცნობია.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებმა ქუთაისიდან პირველი ფრენა 2015 წლის 27 ივნისს განახორციელა. ავიაკომპანია ხარკოვისა და კიევის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს, კვირაში 3 სიხშირით ასრულებდა.
ავტორ(ებ)ი: MyRest.Ge