ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Domino’s Pizza ზამთრის კურორტებზე მოძრავი პიცერიით იქნება წარმოდგენილი
18 ოქტომბერი, 2017

ამერიკული Domino’s Pizza 2017 წლის ნოემბრის ბოლოს თბილისში გაფართოვებას გლდანის ფილიალით გეგმავს. რაც შეეხება რეგიონებს, როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას კომპანიის ხელმძღვანელი საქართველოში მარიამ ფაცაცია აცხადებს, 2018 წლის საზაფხულო სეზონზე Domino’s Pizza ბათუმში პირველ ფილიალს გახსნის, ხოლო ზამთრის კურორტებზე კომპანია მოძრავი პიცერიის სახით იქნება წარმოდგენილი.

„2017 წლის ნოემბრის ბოლოს გლდანის (ხიზანიშვილის ქუჩა) ფილიალს გავხსნით. ამის შემდგომ ბაზარზე სულ ოთხი რესტორნით ვიქნებით წარმოდგენილები. 2018 წლის იანვარში მეხუთე ვარკეთილის, ან ვაზისუბნის ფილიალს დავამატებთ.

2018 წლის ბოლოს ჩვენ ქვეყნის მასშტაბით ათი ფილიალით უნდა ვიყოთ წარმოდგენილები. აქედან  შვიდი თბილისში იქნება, ხოლო სამი რეგიონებში. რაც შეეხება რეგიონების თემას, ზაფხულის სეზონზე უკვე ბათუმში ვიქნებით, შემდგომ ქუთაისში და ბოლოს Domino’s Pizza-ს მოძრავი პიცერია მთის კურორტებზეც ივლის“, - განმარტა ფაცაციამ.

მარიამ ფაცაცია ბიზნესის განვითარებაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემებისა, კომპანია სტაბილურად განვითარებას მაინც ახერხებს. Domino’s Pizza-ს ხელმძღვანელის თქმით, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2017 წელს კომპანიის გაყიდვები 20-25%-ით გაიზარდა.

„ჩვენ აგრესიულ მარკეტინგს არ მივმართავთ და სტაბილურად ვვითარდებით, ძალიან ბევრი გარე ფაქტორი გვიშლის ხელს ბიზნესის განვითარებაში. მათ შორისაა ლარის გაუფასურებაც, რადგან ჩვენი პროდუქცია იმპორტირებულია და ეს ფაქტორი აუცილებლად გასათვალისწინებელია. თუმცა მიუხედავად ამისა, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კომპანიას წელს გაყიდვების 20-25%-იანი ზრდა აქვს.

ბიზნესი სტაბილურად ვითარდება, თუმცა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე პირდაპირ ვართ დამოკიდებულები და ეს გარკვეულ სირთულეებს ქმნის. როდესაც კომპანია განვითარების მომდევნო ეტაპზე გადავიდა, შემდგომ მისი განვითარება ფინანსური დაწესებულებების დახმარებით უნდა მომხდარიყო. საინვესტიციო ფაზაში ფინანსების მოძიება ძალიან გაგვიჭირდა. ეს ქვეყანაში შექმნილმა არასტაბილურმა გარემომ გამოიწვია და სწორედ ამიტომ სასურველ ვადებში საჭირო ფინანსური რესურსების მოძიება ქართული ბანკებისგან ვერ მოხერხდა“, - აღნიშნა Domino’s Pizza-ს ხელმძღვანელმა.

აშშ-ში მიჩიგანის შტატში 1960 წელს დაფუძნებული ამერიკული ბრენდი Domino’s Pizza საქართველოში 3 წლის წინ შემოვიდა, კომპანიას განვითარების 8 წლიანი გეგმა აქვს. პიცერია ფილიალებით ამჟამად საბურთალოზე, ვაკეში და ვაჟა-ფშაველას გამზირზეა წარმოდგენილი.

ავტორი: ლიკა გურაბანიძე

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.