ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
Check in Georgia-ს ფარგლებში თბილისის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი გაიმართება
01 მაისი, 2018

პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში 30 აპრილიდან 5 მაისამდე თბილისის ვოკალისტთა I საერთაშორისო კონკურსი Opera Crown გაიმართება.

კონკურსი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრისა და Classic Music-ს ორგანიზებით ტარდება. 
მისი მიზანია, გამოავლინოს ახალგაზრდა ნიჭიერი მომღერლები და ხელი შეუწყოს მათ კარიერულ წინსვლას. თბილისის კონკურსი რეგულარულად, ორ წელიწადში ერთხელ ჩატარდება და იგი ხელს შეუწყობს საოპერო ხელოვნების სფეროში საქართველოს დედაქალაქის რეგიონულ ცენტრად ჩამოყალიბებას.

კონკურსის მონაწილეებს შეაფასებს საერთაშორისო ჟიური, რომლის შემადგენლობაშიც არიან ლეგენდარული ამერიკელი სოპრანო გრეის ბამბრი, ცნობილი ქართველი სოპრანო მაყვალა ქასრაშვილი, ლონდონის „კოვენტ გარდენის“, ნიუ-იორკის „მეტროპოლიტენ ოპერას“, პარიზის „ნაციონალური ოპერას“, ბარსელონას „ლისეოს თეარტრის“ და მსოფლიოს სხვა წამყვანი საოპერო თეატრების და მსხვილი საპროდიუსერო სააგენტოების ხელმძღვანელები, ჟიურის თავმჯდომარე - თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე.

კონკურსში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 250-ზე მეტმა ახალგაზრდა მომღერალმა. პირველ ტურზე, წინასწარი შერჩევის საფუძველზე, დაშვებულ იქნა 50 კონკურსანტი ოცი ქვეყნიდან. 

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.