ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
31 მარტიდან, “AIR FRANCE” საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას იწყებს
28 თებერვალი, 2019

საფრანგეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის საჰაერო მიმოსვლის სიხშირე იზრდება. 

მიმდინარე წლის 31 მარტიდან ქართულ ავიაკომპანია „Georgian Airways”-თან ერთად, რეგულარულ ავიარეისებს აღნიშნულ მიმართულებაზე წამყვანი ფრანგული ავიაკომპანია “Air France” განახორციელებს. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, რეგულარული ფრენები პარიზი-თბილისი-პარიზის საჰაერო ხაზზე 2019 წლის 23 ოქტომბრამდე, კვირაში ორი სიხშირით, შემდეგი განრიგით განხორციელდება: ჩამოფრენა კვირას და ოთხშაბათს, გაფრენა – ორშაბათსა და ხუთშაბათს. რეისები Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია “Air France”-ს პარიზი-თბილისი-პარიზის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 25 თებერვალს მიენიჭა. 

წინასწარი ინფორმაციით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან, რეგულარული საჰაერო მიმოსვლა თბილისსა და პარიზს შორის კვირაში 4 სიხშირით შესრულდება (Georgian Airways წინასწარი ინფორმაციით – 2 სიხშირე; Air France – 2 სიხშირე). 

„Air France” ავიაკომპანიების გლობალური ალიანსის „Sky Team”-ის დამფუძნებელი წევრია. 2018 წლის მონაცემებით, Air France–KLM ჯგუფის შვილობილი ავიაგადამზიდველი მსოფლიოს 92 ქვეყნის 195 მიმართულებით ოპერირებს.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.