ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ტურისტებისგან დაუფასებელი ადგილები საქართველოში – «ყველაფერს პოპულარიზაცია სჭირდებდა, რაც არ ხდება, პრობლემაა ინფრასტრუქტურაც»
06 მარტი, 2017

ბრიტანული გამოცემა The Independent-იმ ევროპული ქალაქების სია წარმოადგინა, რომლებიც ტურისტების ყურადღების ნაკლებობით გამოირჩევიან. მათ შორისაა ისეთი ცნობილი ქალაქები როგორებიცაა: ბუქარესტი, ვალენსია, ჰელსინკი და ლიონი. „კომერსანტი" დაინტერესდა ამ მხრივ როგორი მდგომარეობაა საქართველოში. როგორც აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა ღირშესანიშნავი ადგილებით, ისტორიული ძეგლებითა და ბუნების მრავალფეროვნებით ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ცნობილია, არსებობს ადგილები, თანაც საკმაოდ ბევრი, რომლებსაც ტურისტები არ სტუმრობენ.

როგორც „კომერსანტთან" ამ საკითხზე კომენტირებისას ტურისტულ კომპანიებში განაცხადეს, ამის ძირითადი მიზეზი ადგილების პოპულარიზაციის ნაკლებობა, გზების პრობლემა და განუვითარებელი ინფრასტრუქტურაა.

საქართველოს შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარი "კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოში ძალიან ბევრი  ისეთი ადგილია, რომლის მონახულებაც არ ხდება. 

„დავიწყებ პანკისით, სადაც ტურისტები რატომღაც არ დადიან. პანკისში კარგი ბუნებაა და მოსანახულებელი ადგილებიც ბევრია. ცოტა ტურისტი დადის ჯავახეთში და ლეჩხუმში. თითქოს ლეჩხუმი არ არსებობს, არადა იქ ფანტასტიკური ადგილებია. ამ ჩამონათვალში დავასახელებდი სამეგრელოს. მარტვილი კანონები პოპულარული გახდა, რასაც ვერ ვიტყვით, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაზე. ეს ორი მუნიციპალიტეტი ძალიან უყურადღებოდაა დატოვებული. არადა, იქ ყველაფერია დაწყებული გამოქვაბულებიდან, დამთავრებული მღვიმეებითა და ეკლესიებით. თუმცა ტურისტები არ დადიან.

ასევე გამოვყოფბდი აჭარაში მაჭახელას ხეობას, რაც ცოცხალი ეთნოლოგიაა. იქ ერთ ციხე-სიმაგრე ან ძველი ეკლესია ყველგანაა. ასევე არ ხდება ქვემო სვანეთის მონახულება, სადაც არის როგორც ძეგლები, ასევე არაჩვეულებრივი ბუნება." - განაცხადა ია თაბაგარმა.

შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარის განმარტებით, პრობლემას ამ ადგილების პოპულარიზაციის პრობლემა და ინფრასტრუქტურის განუვითარებლობა წარმოადგენს.

„ამ ყველაფერს პოპულარიზაცია სჭირდებდა და ხალხი ივლის. ასევე ინფრასტრუქტურის პრობლემაცაა. ყველას საოჯახო სასტუმროში ყოფნა შესაძლოა, არ სურდეს. მაგალითად, ლეჩხუმში პირადად მე საოჯახო სასტუმროს ვერ მივაგენი. თუმცა შეუძლია ადამიანს ქუთაისში ან წყალტუბოში დარჩეს და იქიდან მოახდინოს ტრანსპორტირება. მაგრამ პოპულარული არ არის ეს მხარე.

როდესაც ტურისტები მსგავს ადგილებში იწყებენ სიარულს, ბაზარი მოთხოვნას თვითონ გრძნობს და ადგილობრივი მოსახლეობა მოტივირებულია, რომ ცივილიზებული საოჯახო სასტუმრო გააკეთონ." - განაცხადა თაბაგარმა.

ინფრასტრუქტურის განუვითარებლობაზე საუბრობენ Georgian Travel Group-შიც. როგორც "კომერსანტთან" საუბრისას კომპანიის შემომყვანი ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელი თამუნა კურტანიძე აცხადებს, თუშეთი, სადაც მოსანახულებელი ადგილი ძალიან ბევრია, ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით არ არის ისე მოწყობილი, როგორც უნდა იყოს.

„ადგილები, რომლებიც დაუმსახურებლად დაუფასებელია საქართველოში, ბევრია. რიგ შემთხვევებში მიზეზი რთულად მისასვლელი გზაა. მაგალითად, თუშეთი ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით არ არის ისე მოწყობილი როგორც უნდა იყოს. იქ სანახავი ძალიან ბევრია ყველას ამ გზის გავლა არ შეუძლია და ეშინია. მოუნახულებელი ადგილები ბევრია სამეგრელოშიც, მაგრამ მათი პოპულარიზაცია არ ხდება. ასე რომ, საქართველოში ძალიან ბევრი ადგილია, სადაც ტურისტები არ ჩადიან, ამის მიზეზი კი, როგორც უკვე აღვნიშნე მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და ნაკლები პოპულარიზაციაა" - განაცხადა თამუნა კურტანიძემ.

ავტორი: ლიკა გურაბანიძე

COMMERSANT.GE


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.