ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
კურორტი ზვარე
კატეგორიები
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი იმერეთის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. მისი მთაგორიანი ტერიტორია ჰიფსომეტრიულად 285_2 642 მ სიმაღლეზეა გავრცელებული. ისტორიულად ხარაგაული არგვეთის საერისთაოში შედიოდა და უძველესი `დიდი აბრეშუმის გზის  ნაწილი იყო. ახლანდელი ხარაგაულის ტერიტორიაზე თურმე ქარავნების დასასვენებელი ადგილი ყოფილა. დასვენების დროს ხეობაში დიდძალი ხორაგი გროვდებოდა. სახელწოდება `ხორაგეულიც აქედან წარმოიშვა, მოგვიანებით ფორმა შეიცვალა და ხარაგაულად იქცა.
 
1872 წლიდან ხარაგაული ფოთი-თბილისის სარკინიგზო ხაზის ერთ-ერთი სადგური გახდა. ხაზის მშენებლობის პროცესში მრავალი საინჟინრო ნაგებობა აიგო, მათ შორის წიფის სარკინიგზო გვირაბი და ხიდი მდინარე ზვარულაზე. 1890 წელს 3 სექტემბერს გვირაბის საზეიმო გახსნას რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე III-ც კი დასწრებია. მოვლენის აღსანიშნავად რუსეთის იმპერიაში საგანგებო მონეტაც კი მოუჭრიათ. ხარაგაულიდან 24 კმ-ში, სოფლების - ზვარესა და ჩრდილის საზღვარზე მდებარეობს კლიმატურ-ბალნეოლოგიური პროფილის საკურორტო ადგილი ზვარე. მინერალური წყლის აღმოჩენის ისტორია ამ შემთხვევაშიც პირუტყვს უკავშირდება. იმ ადგილას, სადაც ახლა წყარო ამოდის, თურმე დროდადრო ჩნდებოდა წყლის გუბეები, რომლებსაც შინაური ცხოველი ეტანებოდა. XX ს-ის 30-იან წლებში ჩატარებულმა კვლევითმა სამუშაოებმა ზვარეს წყლის სამკურნალო თვისებები დაადასტურა. ათწლეულების მანძილზე მინერალური წყალი „ზვარე“ დიდი პოპულარობით სარგებლობდა. 1980 წელს მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებზე ის სპორტსმენების ოფიციალური სასმელი იყო.
 
1. 1890 წელს აგებული სარკინიგზო ხიდი ზვარესთან. ხიდი რკინაბეტონის გარეშეა აგებული და დღესაც მოქმედია.
 
2. 1917 წელს ხარაგაულში, სოფელ სარგვეშში მიწის დამუშავების დროს აღმოაჩინეს III-IV სს-ის სამარხის ინვენტარი: ვერცხლის ბარძიმი და კოვზები, ოქროს ბეჭდები, თვლებით ინკრუსტირებული სამაჯური და ხატისუღელი. განძი 1918 წელს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ შეიძინა. ამჟამად ინახება ერმიტაჟში (სანკტ-პეტერბურგი).
 
მდებარეობა: ლიხის (სურამის) ქედის მთისწინეთი.
მანძილი: ხარაგაულიდან – 25 კმ, ქუთაისიდან – 80 კმ, თბილისიდან – 205 კმ.
სიმაღლე ზღვის დონიდან: 750-800 მ.
რელიეფი: მთაგორიანი.
კლიმატი: სუბტროპიკული. ზამთარი რბილი, თითქმის უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურა -0,30ჩ. ზაფხული თბილი, ზომიერად ნოტიო. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 210ჩ.
ნალექების საშ. წლიური რაოდენობა: 1150-1200 მმ.
ჰაერის საშ. წლიური ფარდობითი ტენიანობა: 73%.
მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში: 2200 - 2300 სთ.
ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: დაბალი მთის სუბტროპიკული ჰავა და აზოტიანი, მეთანიანი, სუსტად
სულფიდური, კაჟიანი, ქლორიდულ- ჰიდროკარბონატულ-კარბონატული, ნატრიუმიანი (და კალციუმიან-
ნატრიუმიანი) მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,2-0,4 გ/დმ3; 
დებიტი: 20 ათასი ლ/დღ-ღ.
მკურნალობის სახეობები: მინერალური წყლის აბაზანები, პასიური კლიმატოთერაპია. სამკურნალო ჩვენებები: ნაღველკენჭოვანი და საჭმლის მომნელებელი სისტემის (ქრონიკული გასტრიტი, პანკრეატიტი, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, ქრონიკული ჰეპატიტი და ქოლეცისტიტი) დაავადებები.
 
ტექსტი: "საქართველოს 100 კურორტი“
გამომცემლობა "კლიო"
 
 
 
 

 



ფოტო გალერეა
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.